შეუძლებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის “გაყინვის” დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესორი ქვეყანა შეძლებს სამხედრო პოტენციალის აღდგენას 2028 წლისთვის და შეეცდება სხვა ქვეყნებზე შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რუსეთი განიხილავს სხვადასხვა სცენარს უახლოესი წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში იქნება რაიმე პაუზა ან სიტუაციის გაყინვა, 2028 წელს იქნება ახალი კრიტიკული მომენტი.
“თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის უფლება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავარღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ფოკუსში არიან. გარდა უკრაინისა, ესენი არიან, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ზუსტად ის ქვეყნები, ვის ტერიტორიაზეც იმყოფება რუსული კონტინგენტი, ეს არის ნათელი ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს სიტუაციის გაყინვის და ადაპტაციისთვის, გამოაქვს დასკვნები თავისი შეცდომებიდან და ემზადება წინსვლისთვის.
“გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ყველაზე საშიში მტერი არის ის, ვინც გამოიტანა დასკვნები და მოამზადა შემდეგი დარტყმისთვის ამ დასკვნების საფუძველზე“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, შეენარჩუნებინა კონტროლი მეზობელ ერებზე ომების დაწყებით და ომების გაყინვით, მან რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა და დაქუცმაცება, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს.