რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახალ სარაკეტო თავდასხმებს ამზადებს და სანამ რაკეტები აქვს, არ დამშვიდდება, მაგრამ თავდაცვის ძალები ამისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები ექნებათ, ისინი არ დაწყნარდებიან. მომავალი კვირა შეიძლება იყოს ისეთივე რთული, როგორც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვმუშაობთ ყველა სცენარზე, მათ შორის პარტნიორებთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებების გათვალისწინება.
“ყველა ერთად და ერთმანეთს დავეხმარებით – ჩვენ დავძლევთ ომის ამ გამოწვევას: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას, გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერორისტული ომის გამო რუსეთმა პასუხი აგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.