უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ინფორმაცია უკრაინელებში მის მიმართ თითქოს 4%-იანი ნდობის შესახებ რუსეთიდან მოდის. მისი თქმით, ამ მაჩვენებლებს აშშ-სა და რუსეთს შორის განიხილავენ.
ზელენსკიმ უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მას, თითქოს, უკრაინის მოქალაქეებს შორის ნდობის რეიტინგი აქვს 4%. მისი თქმით, გამოკითხვებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გაიხსენა, რომ KIIS-ის ბოლო რეიტინგმა აჩვენა, რომ უკრაინელების 57% მას ენდობა.
“თუ ვინმეს ჩემი შეცვლა სურს, ეს ახლა არ გამოვა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ინფორმაცია 4%-იანი ნდობის შესახებ რუსეთიდან მოდის და ის განიხილეს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის.
“ჩვენ გვესმის ეს და გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს რიცხვები განიხილება ამერიკასა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხალხის ლიდერს, ცხოვრობს დეზინფორმაციულ სივრცეში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა ნომერ პირველი საკითხია არა ნდობის რეიტინგი, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია უკრაინას დაიცვას თავი რუსული დაბომბვისგან და დაიბრუნოს სამხედრო ტყვეები.
“პასუხი არ მომისმენია აშშ-სგან ჩემს კითხვაზე “პატრიოტების” რაოდენობის გაზრდის შესახებ, თუმცა ამ საკითხს გამუდმებით ვაყენებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.