უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა გრძელდება. ისინი ტარდება არა საჯაროდ და ხშირად ხდება უშუალოდ ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ვავსებთ ჩვენს გაცვლის ფონდს და შემდეგ ხდება გაცვლა. ძალიან ხშირად ვცვლით სამხედრო ტყვეებს, არც ისე ხმამაღლა, არც ისე საჯაროდ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ ვცვლით პირდაპირ ბრძოლის ველზე. როდესაც გვყავს მათი 10 ტყვე და მათ ჰყავთ რამდენიმე ჩვენი ბიჭი, ჩვენ ვცვლით მათ, მეთაურებს აქვთ ინსტრუქციები ამ ყველაფრისთვის და მათ იციან, რა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ შეძლო ტყვეობიდან 100-მდე სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, მოხერხდა რამდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლება რუსული ტყვეობიდან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიდევ რამდენიმე ათასი უკრაინელი დამცველი ტყვეობაში იმყოფება.
ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.