უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს.
პუტინს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, სანამ ის თავის პოზიციას ინარჩუნებს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს ყველაფერი, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს, 16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დეპარტამენტმა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის გარდაიცვალა გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ ჯერ ამის დადასტურება არ აქვთ.