უკრაინა არ განიხილავს ბირთვული არსენალის აღდგენის შესაძლებლობას, შესაბამისი განცხადებები ყალბია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვემზადებით ბირთვული იარაღის შესაქმნელად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, უკრაინას უნდა მიეღო უსაფრთხოების გარანტიები “უაღრესად პატივცემული ქვეყნებისგან” მას შემდეგ, რაც მან დათმო ბირთვული არსენალი.
”მაგრამ ეს არ არის კარგი დაცვა ჩვენთვის, ამიტომ ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა ნატოს წევრობისა. ეს არის ჩვენი სიგნალი, მაგრამ ჩვენ არ ვქმნით ბირთვულ იარაღს, ნუ შეცვლით გზავნილებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
17 ოქტომბერს Bild-მა ანონიმ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა აპირებს ბირთვული არსენალის აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში კიდევ შეჭრას გადაწყვეტს.
გამოცემის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის “მასალები და ცოდნა” აქვს. ამიტომ, შესაძლოა, პირველი ბომბის შექმნას “რამდენიმე კვირა“ დასჭირდეს.
დღესვე, 17 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი პრესკონფერენციის დროს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დეტალები გაამხილა.
ზელენსკის თქმით, მან გააფრთხილა ტრამპი, რომ უკრაინას ორი ვარიანტი აქვს: ან კვლავ ექნება ბირთვული იარაღი, ან მოიპოვებს ნატოს წევრობას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გადაწყვიტა აირჩიოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტი.