უკრაინა მზადაა დაეხმაროს მოლდოვას დნესტრისპირეთში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებაში, კერძოდ, საუბარია ნახშირის მიწოდებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს მე გავმართე რამდენიმე საერთაშორისო საუბარი, მოლდოვა – მაია სანდუ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავეხმაროთ მოლდოვას ენერგეტიკული გამოწვევების გადალახვაში და არ მივცეთ მოსკოვს სოციალური დაძაბულობის გაღვივების საშუალება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მთელი დღევანდელი ენერგეტიკული ვითარება მოლდოვაში და კერძოდ, დნესტრის მარცხენა სანაპიროზე, არის რუსეთის მცდელობა მოლდოვას ხელისუფლების წინააღმდეგ ენერგორესურსებით მანიპულირებისთვის.
“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მოლდოვას, კერძოდ, ნახშირით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მივცეთ ყველა ადამიანს მოლდოვაში პირობები, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და იმუშაონ თავიანთი ქვეყნისთვის, სიღარიბის დასაძლევად და ჩვენი საერთო წინსვლისთვის ევროკავშირში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მოლდოვას რეგიონში ბოლო კვირების განმავლობაში არასახარბიელო ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. დნესტრისპირეთში გათბობა და ცხელი წყალი გაითიშა.
რეგიონს რუსული კომპანია “გაზპრომი” სახელშეკრულებო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, არ აწვდის ბუნებრივ გაზს, რამაც მწვავე კრიზისი გამოიწვია, ათასობით ადამიანი რჩება სითბოს, ელექტროენერგიის, ზოგიერთ შემთხვევაში სასმელ წყალზე წვდომის გარეშეც.
ბოლო მონაცემებით, დნესტრისპირეთში ელექტროსადგურისთვის ქვანახშირი მხოლოდ იანვარში იქნება საკმარისი.