უკრაინა თანახმაა შეაჩეროს თავდასხმები რუსეთში ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპთან საუბარი იყო “პოზიტიური, ძალიან შინაარსიანი და გულწრფელი“.
“ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკასთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს წელს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ტრამპმა გაუზიარა ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები და ისაუბრა მთავარ საკითხებზე, რომლებიც წამოიჭრა.
“ომის სრული დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ ჩვენ მზად ვართ ამის განსახორციელებლად”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ამერიკულმა მხარემ შესთავაზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინამ მიიღო ეს წინადადება. უკრაინული და ამერიკული მხარეები გააგრძელებენ მუშაობას მსგავსი ინიციატივის განხორციელებაზე. ასეთი ნაბიჯი აუცილებელია ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან და ტრამპმა თავიანთ გუნდებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა დაავალეს.
“უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან შეხვდნენ საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში, რათა გააგრძელონ ნაბიჯების კოორდინაცია მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ მრჩევლებს და წარმომადგენლებს დავავალეთ, რომ ეს სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ლიდერებმა ასევე ფრონტზე არსებული ვითარებაც განიხილეს. ზელენსკიმ ტრამპს კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მხარეებმა დააყენეს სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ჯარების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი.
“ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა ხალხის სიცოცხლის დასაცავად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.