უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ივლისს, ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მან მიულოცა სტარმერს არჩევნებში გამარჯვება და უსურვა წარმატებით გაამართლოს ის მოლოდინები, რაც ბრიტანელებს ახალი მთავრობის მიმართ აქვთ.
თავის მხრივ, სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება.
“შევათანხმეთ პოზიციები ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებამდე და განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, უპრეცედენტო 100-წლიანი შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის“, – წერს ზელენსკი.
კირ სტარმერი 5 ივლისს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.