უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფოს ამ წლის მთავარი მიზანია არ დათმოს უკრაინის ტერიტორიები და არ დაუშვას კონფლიქტის გაყინვა.
ამის შესახებ ზელენსკიმ რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა არის მთავარი უკრაინისთვის წელს, მისი განცხადების გათვალისწინებით, რომ “წელს გადარჩენა ნიშნავს მთელ ამ სრულმასშტაბიან ომს გაუძლო“.
“ეს არის საკითხი, რომლის განხილვაც შეიძლება დიდხანს იყოს, მაგრამ ომის დროს, ალბათ, დრო არ არის განხილვისთვის. თუმცა ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აბალანსებენ თავიანთ ნდობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ წელს გადარჩენა ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების არ დათმობას, კონფლიქტის გაყინვის უფლების და რუსული ნარატივების გავრცელების შესაძლებლობის არ მიცემას, რაც ხანდახან ჩანს ევროპისა და აშშ-ის მედია პლატფორმებზეც კი, რადგან რუსეთი დეზინფორმაციაში დიდ ფულს დებს.
“არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის უფლებას, არ მივცეთ რუსეთს ორი, სამი, ხუთი წელიწადში კონტრშეტევისთვის მომზადების უფლება, ომი იქამდე დავასრულოთ. არ მივცეთ საშუალება გაყინონ კონფლიქტი ამ წელს, რათა მათმა სამხედროებმა დაიწყონ ძლიერად მომზადება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთი კვლავ გაძლიერდეს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ კონფლიქტი გაიყინება, რუსეთში ქვეყნები და ბიზნესი თანდათან დაიწყებენ სანქციების მოხსნას და შეზღუდვის ზომების შემსუბუქებას.
მისივე თქმით, უკრაინის გეგმებია ამ ყველაფრის თავიდან აცილება და სხვა სახელმწიფოების საზოგადოებების კონსოლიდაცია, რათა უკრაინის გეგმები ემთხვეოდეს საერთაშორისო პარტნიორების მიზნებსა და შესაძლებლობებს.