უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ეს უნდა ნახოს რუსეთმაც, ისევე, როგორც უნდა იყოს მეორე სამშვიდობო სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ვნახოთ რუსეთი მეორე სამშვიდობო სამიტზე, რადგან ყველა ჩვენმა მოკავშირემ, მათ შორის უახლოესმა პირებმა, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და ყოველთვის ეწინააღმდეგებიან რუსეთის აგრესიას, ყველამ თქვა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს. იმიტომ რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. ომი არ შეიძლება დასრულდეს რომელიმე მხარის გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს გამარჯვების გეგმაზე, რომლის სამი პუნქტი უკვე მომზადებულია, შედგა ონლაინ შეხვედრები.
“შეხვედრები ისევ იქნება და როგორც ვთქვით, ნოემბრის დასაწყისში, მთელი გეგმა მზად იქნება. ეს იქნება რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი, ნებისმიერ ფორმატში, მის ნებისმიერ წარმომადგენელთან. თუ მათ ეს არ მოეწონებათ, მათი რეაქცია გასაგები იქნება კონკრეტულად და არა მხოლოდ ზოგადად – ჩვენ არაფერი გვინდა და ომს გავაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის, რაც მათ სურთ დღეს, უბრალოდ გააგრძელონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა ითვალისწინებს უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების სწრაფ და კონკრეტულ ნაბიჯებს დღეიდან დეკემბრის ბოლომდე.
“კონკრეტული ქმედებები დამოკიდებულია მხოლოდ პარტნიორებზე და უკვე არავინ მეტყვის, რომ ეს დამოკიდებულია რუსულ მხარეზე. გეგმა უბრალოდ ხიდია სამშვიდობო სამიტამდე და ნებისმიერ ეტაპზე ომის დასასრულამდე. ხიდი, რომელიც აძლიერებს უკრაინას. აძლიერებს მას პოლიტიკურად, იარაღის თვალსაზრისით და იმის გაგებით, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი ომის შემდეგ.
გეგმა წარედგინება პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს და ყველა სხვა პარტნიორს. ჩემი აზრით, გეგმა ღია იქნება ყველასთვის, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებისთვის და ეს რუსეთმა უნდა ნახოს, რადგან ეს გეგმა უკრაინას აძლიერებს და მათ უნდა იცოდნენ ამის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღწერა ის პუნქტები, რომლებსაც უკრაინის გამარჯვების გეგმა მოიცავს.
“პირველ რიგში, უკრაინის ცალსახა ადგილი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში. მეორეც, დეტალების გარეშე, მაგრამ კურსკის ოპერაცია არის გეგმის ნაწილი, მისი მეორე პუნქტი. მესამე პუნქტი უკავშირდება უკრაინის კონკრეტულ გაძლიერებას იარაღთან მიმართებაში. კიდევ ერთი პუნქტი დაკავშირებულია არა ეკონომიკასთან, არამედ, ვთქვათ, მომავალში დაზოგვასთან. ანუ დღეს თქვენ გვეხმარებით ამ გეგმის განხორციელებაში და მომავალში უკრაინა დაგიზოგავთ უამრავ რესურსს“, – განაცხადა ზელენსკიმ.