რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ახლა რადიაციული მაჩვენებლები ნორმალურია, მაგრამ ზოგადად სიტუაცია, რომელშიც რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, არ შეიძლება იყოს ნორმალური.
“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის და მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს.
ჩვენ ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით IAEA-ს რეაქციას. ამაზე რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ უკრაინის კონტროლს ზაპოროჟიეს სადგურზე შეუძლია სრული უსაფრთხოების გარანტიის დაბრუნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
11 აგვისტოს ნიკოპოლის მცხოვრებლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი შენიშნეს. ნიკოპოლის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ევგენი ევტუშენკოს თქმით, სავარაუდოდ, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკებში დიდი რაოდენობით საბურავები დაწვეს და ამას ალბათ, პროვოკაციის ან უკრაინელების დაშინების მიზნით აკეთებენ.
როგორც ცნობილია, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაიკავა.