უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალი სანქციების შემოღების შესახებ. სანქციების სიაში შედიან რუსი პროპაგანდისტები და მოღალატეები.
“ახლახან ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ძალას ანიჭებს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ჩვენ ვბლოკავთ პროპაგანდისტებს, რომლებიც მუშაობენ რუსეთისთვის, ადამიანებს, რომლებიც გადავიდნენ მტრის მხარეზე და მათ, ვინც რუსეთს ომის გაგრძელებაში ეხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ისინი ასევე გააგრძელებენ მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გმირის წოდებას იმსახურებენ “მხოლოდ ისინი, ვინც მართლა უძღვნის სიცოცხლეს უკრაინას“.
“ახლა ვამზადებთ სანქციების ახალ გადაწყვეტილებებს. ისინი მალე იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სანქცირებულ პირებს დაებლოკებათ ქონება, შეეზღუდებათ ვაჭრობისა და სხვა სახის ოპერაციები, ბიზნესის წარმოების, ქონების და მიწის შესყიდვის და ა.შ. გარდა ამისა, მათ ჩამოართმევენ სახელმწიფო ჯილდოებს.