უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამინისტროებს და სამხედროებს დაავალა, მოემზადონ “მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობის გასაგრძელებლად.
ამის შესახებ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომის შედეგების შემდეგ განაცხადა.
კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინის პორტების დაცვა და მარცვლეულის ინიციატივის ინფრასტრუქტურა და მოისმინეს შესაბამისი ოფიციალური პირების მოხსენებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვესმის რისკები, საფრთხეები, პერსპექტივები… მთავარსარდალმა ზალუჟნიმ, სარდალმა ნეიჟპაპამ და მინისტრმა კუბრაკოვმა – მოამზადონ მოქმედებების ნაკრები “მარცვლეულის დერეფნის” მუშაობის გასაგრძელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ – შეიმუშაოს ანალოგიური დიპლომატიური ნაბიჯები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, შტაბმა განიხილა ფრონტზე არსებული ვითარება და მოისმინა ანგარიშები სადაზვერვო სააგენტოების, მთავარსარდლისა და ცალკეული ძალებისა და ჯგუფების მეთაურებისგან.
შეხვედრის მონაწილეებმა ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოების საკითხიც განიხილეს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კონტროლის ქვეშ არის დაქირავებულთა საქმიანობა ბელარუსში.