უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ლიდერის დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ყირიმის დეკლარაცია გაიხსენა.
“ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, იმოქმედებენ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებების შესაბამისად”, – განაცხადა ზელენსკიმ და განცხადებას დაურთო დეკლარაციის დოკუმენტი.
ყირიმის დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წლის 25 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს კრემლის პრეტენზიების აღიარებაზე ძალით მიტაცებულ ტერიტორიებზე, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
ყირიმის დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა 2014 წელს უკრაინაში შეჭრით და ყირიმის ანექსიის მცდელობით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს მეორეს საზღვრები.
თავის განცხადებაში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის მცდელობების უარყოფას და მზად არის შეინარჩუნოს ეს პოლიტიკა, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.