უკრაინელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს უახლოეს დღეებში. რუსეთის ხშირი დარტყმების ფონზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტების დღევანდელი დარტყმის შედეგად 130 ადამიანი დაშავდა, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიღუპა.
ზელენსკიმ თანაგრძნობა გამოუცხადა მათ, ვინც ახლობლები და მეგობრები დაკარგა.
“გთხოვთ, განსაკუთრებით ამ დღეებში, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. ამ არაადამიანებს სურთ ტკივილი მიაყენონ უკრაინას. მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
2 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მასიურად შეუტიეს უკრაინას. ამისთვის მათ კამიკაძე დრონები და რაკეტები გამოიყენეს. მტრის მთავარი სამიზნე კიევი იყო. დედაქალაქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60-მდე რაკეტა ჩამოაგდეს, ასევე გაანადგურეს 10 “კინჟალი”. სულ უკრაინის დამცველებმა დღეს მტრის 72 რაკეტა გაანადგურეს. საჰაერო თავდაცვის ასეთი ეფექტური მუშაობის მიუხედავად, კიევსა და რიგ რეგიონებში არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მტერმა უკრაინაში სულ მცირე 500 რაკეტა და დრონი გამოიყენა.