დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების შემთხვევაში ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
“თუ ანექსია იქნება, იქნება სანქციები და თუ იქნება აღიარება, მე დავდებ სანქციებს მაგიდაზე და მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბორელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უთხრა, რომ ის აღიარებს „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ და ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. “რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მე გავმართე საგანგებო კონსულტაციები ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა“ , – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.