იევი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელები იყვნენ, მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, რადგან ხელისუფლებას დიალოგი არ სურს. Front News-ის კორესპოდენტი დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სეიმურ ქაზიმოვს ესაუბრა, რომელმაც ჟურნალისტურ საზოგადოებაში არსებულ სიტუაციასა და მოვლენების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
– ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი. მე უკვე ვესაუბრე ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, სისხლის სამართლის საქმეებს აწარმოებს. როგორია ამ დროისთვის მედიასთან დაკავშირებული სიტუაცია?
– აზერბაიჯანში მედიასთან დაკავშირებით სიტუაცია 2005 წლიდან კარდინალურად გაუარესდა. იმის მიუხედავად, რომ უკვე გაათავისუფლეს მეჰმან ალიევი (ბოლო დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო Turan-ის დირექტორი), თუმცა სასამართლო გრძელდება, სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა. ჩვენ მოვითხოვთ, უბრალოდ დაასრულონ ეს ფარსი, რადგან ამ სააგენტოს არანაირ დარღვევასთან კავშირი არ აქვს. Turan – ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოა, ერთადერთი და უკანასკნელი. ხურავდნენ, შეუძლებელი იყო მუშაობა, აყადაღებდნენ საბანკო ანგარიშებს და ახლა სააგენტო არ მუშაობს, ჟურნალისტები და ბლოგერები ციხეში არიან.
– რამდენი ადამიანია დაპატიმრებული?
– დაახლოებით 14-17, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფეისბუქზე წერდნენ რამეს და ასევე აპატიმრებდნენ, მაგრამ ესენი ჟურნალისტები არ არიან, ადამიანი გამოთქვამდა თავის აზრს, ვინმეს აკრიტიკებდა და ამის გამო აპატიმრებდნენ. ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია. არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი ტელევიზია, გაზეთი და სარეკლამო საშუალება არ არსებობს, გაზეთის გამოწერები საერთოდ არ არის. ის, რაც ამჟამად ხდება, არანაირად არ შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.
დიახ, ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, ფეისბუქი, ტვიტერი, მაგრამ ამ დრომდე აზერბაიჯანში ინტერნეტი არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანული საზოგადოების ინფორმაციულ უზრუნველყოფაში. ის უფრო მეტად ენდობა ტელევიზიას, ყველა სატელევიზიო არხი კი ხელისუფლებისგან კონტროლდება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს კერძო ტელეკომპანიას უწოდებს, საზოგადოებრივი ტელევიზიაც კი მათ მიერ კონტროლდება, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, დასავლეთი ჩვენი მტერია, შურთ ჩვენი განვითარების და ა.შ.
ჟურნალისტურ განათლებას რაც შეეხება, კერძო უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი საერთოდ არ არის, ლიკვიდირებულია, ამიტომ, სამწუხაროდ, არაფერი კარგი.
თუ კარგი შეიძლება ამას ეწოდოს, ზოგიერთმა ჟურნალისტმა პრეზიდენტისგან ბინა მიიღო, ეს უკვე მეორედ. მიმდინარე წლის 22 ივლისს, ეროვნული პრესის დღეს პრეზიდენტმა 255 ჟურნალისტს ბინა აჩუქა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს კარგია, მაგრამ ეს პირიქითაა, თუ ჟურნალისტი პრეზიდენტისგან საჩუქარს იღებს, ლოიალური უნდა იყოს. პირველად ეს 2013 წელს მოხდა, მაშინ ბინა 156 ჟურნალისტმა მიიღო. ახლა უკვე მესამე სახლი შენდება, ანუ, მიმდინარეობს ჟურნალისტების მოსყიდვა კულტურულ ფორმაში.
– ის ჟურნალისტები, რომლებიც ნეგატიურად ხართ ასეთი მდგომარეობისადმი, ცდილობთ დახმარებისთვის რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურას მიმართოთ?
– საერთაშორისო სტრუქტურები დიალოგის მეტს ვერაფერს აკეთებენ, მათ პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ. ეს ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. ხელისუფლება კი ასეთ კომპრომისზე არ მიდის, ისინი ისმენენ, აკეთებენ დასკვნებს, მაგრამ იქცევიან ისე როგორც უნდათ. აზერბაიჯანის ხელისუფლება სამწუხაროდ, დახურულია ყველაფრისთვის – რეფორმებისთვის, რჩევებისთვის.
რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანში უკვე აღარც მუშაობს, ისეთები როგორიცაა IREX, ეუთო. ევროპის საბჭო და ევროკავშირი უკვე სხვა მიმართულებით მუშაობენ – ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკა. მედია და ადამიანის უფლებების უკვე მეორეხარისხოვანია.
ანუ, ის, ვინც პრობლემა უნდა გადაწყვიტოს – თავად ხელისუფლებაა, ხელისუფლება კი ყველაფრისთვის დახურულია. საჭიროა პოლიტიკური ნება, უნდა სურდეთ ამის გადაჭრა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ეს სიტუაცია იმის მანიშნებელია, რომ სამომავლოდ ყველაფერი უარესად იქნება.
– თქვენ როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი როგორ მუშაობთ?
– დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ, მაგრამ იმის თქმა, რომ არ გვეშინია, მართალი არ არის. ჩვენ ადამიანები ვართ, ზოგს საკუთარი თავის გამო, ზოგს კი ოჯახის გამო ეშინია. ასეთ სიტუაციაში ვმუშაობთ. ჩვენ ვწერთ და შემდეგ ვფიქრობთ, რა შეიძლება დაგვემართოს.
– როგორ ურთიერთობთ იმ ჟურნალისტებთან, რომლებსაც პროსამთავრობო პოზიცია აქვთ?
– ნორმალურად, ვხვდებით, ვსაუბრობთ, სოციალურ ქსელში კამათიც გვაქვს, თუმცა მტრულად განწყობილი არ ვართ. უბრალოდ ასეთი სიტუაციაა – ვიღაც იღებს ამას, ვიღაც – არა. მაგალითად, მე არ მივიჩნევ ხელისუფლებისგან საჩუქრების, სახლის ან მანქანის მიღებას სწორად, ვიღაც კი თვლის, რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვა გვაქვს, არ ვამბობთ, რომ ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ არც მტრები ვართ, ნორმალური ადამიანური ურთიერთობები გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ჩვენი კოლეგები ფიქრობენ სხვაგვარად, ამბობენ, რომ აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებაა, მედია ვითარდება, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, სწორედ ამ დროს ვკამათობთ, შენ ხედავ ამ პრობლემებს, იმ ადამიანმა კი თავისი მიიღო და ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა.
ზოგჯერ პრობლემებია, როდესაც ისინი ამბობენ – რატომ აკრიტიკებთ ჩვენ ქვეყანას. მაგრამ ჩვენ არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, ფაქტებს, თუ ყველაფერი ცუდად არის, ჩვენ გვაქვს ამის არგუმენტები, თუ კარგი ხდება რამე, ამასაც ვამბობთ, თუმცა ამჟამად კარგს ვერაფერს ვხედავთ. გაათავისუფლეს მეჰმან ალიევი, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს. ყველა თავის აზრზე რჩება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ სიტუაცია უარესდება.
– როგორ უნდა გაუარესდეს უფრო მეტად სიტუაცია, როცა დამოუკიდებელი მედია უკვე აღარ არის?
– შეიძლება იყოს სხვა დაპატიმრებები, ახლა ბევრი ჟურნალისტია, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ეს შეიძლება გაგრძელდეს, არაფერი ხდება ისეთი, რომ ვთქვათ, აი, ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ახლა უკეთესადაა.
– სამოქალაქო საზოგადოება თუ ხედავს, რომ თავისუფალ მედია ასეთი პრობლემები აქვს?
– სამოქალაქო საზოგადოებას თავისი პრობლემები აქვს. 2014 წლიდან დაწყებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, რამდენიმე დააპატიმრეს, ზოგიერთი სხვა ქვეყანაში წავიდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დაიხურა. მედიის და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები კი ერთნაირია. პროსახელისუფლებო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი კარგად არის, რადგან ხელისუფლებისგან გრანტს იღებენ. დამოუკიდებლები არ არიან.
– როგორც ვხდები, უკმაყოფილო ადამიანი ბევრია, შესაძლებელია, რომ ისინი გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ?
– არა, ასეთი შემართება არ არის, ჩვენ ჟურნალისტები ვართ და მხოლოდ წერა შეგვიძლია, თუ ხალხი პროტესტის მიზნით გამოვა, ვინ გამოვა ჟურნალისტებთან, ჩვენ არ გვსურს პროტესტი, არ გვინდა მიტინგები, გვსურს, რომ იყოს ნორმალური რეფორმები, ნორმალური სამსახური, ისეთი მუშაობა, როგორც მუშაობენ ჟურნალისტები ევროპაში, ამერიკაში. გვინდა, რომ არავინ დაგვაპატიმროს ფეისბუქის უბრალო სტატუსის გამო.
ესაუბრა მარია სტრელცოვა