საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ნომინაციაში – “ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისა და მზრუნველობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება მშობლებისა და ბავშვის საჭიროებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით” დაჯილდოვდა.
ასევე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მერს მამუკა წოწერიას გადაეცა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, ათეას პრეზიდენტი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონფერენციას ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას. პროგრამა უკვე შვიდი წელია, მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათ გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში.
თბილისის მერმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.
წელს ჯილდოები გადაეცემათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების მერებს. სპეციალური პრიზებით ასევე, დაჯილდოვდებიან თვითმმართველი ერთეულების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.
მათ შორის, სპეციალური პრიზი ზუგდიდის მერიის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელს ია ეხვაიას გადაეცა.
კონფერენციის ფარგლებში, ათეას და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
ათეას რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მერია აღნიშნულ კონკურსში 2018 წლიდან მონაწილეობს და არაერთ ნომინაციაშია გამარჯვებული, მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა წელს ამ კონკურსში მეშვიდედ გაიმარჯვა.