ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა “ნიუ ჰოსპიტალსში“ მივიდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი მოინახულა.
კლინიკის დატოვების შემდეგ მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და მან ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა.
აზარაშვილმა ასევე ისაუბრა დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა გუშინ. ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ, ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ის მალე დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესში იქნება თუ მკურნალობის პროცესში, ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. რაც შეეხება მესამე ბავშვს, ანდრიას, ის შესაძლოა, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს კლინიკიდან“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.