spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ბენდიანიშვილი – არაა გამორიცხული, ტრამპმა სრულიად შემოატრიალოს პოლიტიკა მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ პუტინი უბრალოდ ატყუებს და ეთამაშება

3 წლის განმავლობაში უკრაინის ომში  ცეცხლის შეწყვეტის პირველი შესაძლებლობა გამოჩნდა. შედეგიანი აღმოჩნდა 11 მარტს 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებს შორის.

უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატებმა განაახლა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, მსოფლიო ვლადიმერ პუტინის პასუხის მოლოდინშია. როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და უნდა ველოდოთ თუ არა პუტინის მხრიდან თანხმობას ცეცხლის შეწყვეტაზე – ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი საუბრობს.

– 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა და მხარეები გარკვეულ შედეგებამდე მივიდნენ. უკრაინა თანახმაა ცეცხლის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში მოხდეს. თუმცა ეს მას სჭირდება ამოსუნთქვისთვის და გადაიარაღებისთვის. ამერიკა კი გააგრძელებს დახმარების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა ახლა მთავარია რას იტყვის პუტინი და დასთანხმდება თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას. პირდაპირ რომ ვთქვათ, ვისი პირობებით დაიდება ზავი, რადგან სამივე მხარეს საკუთარი მოთხოვნები აქვს…

– ამ მოლაპარაკებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკამ  უკრაინასთან ურთიერთობის ტაქტიკა შეცვალა. უფრო  მოზომილი განცხადებების გაკეთება დაიწყეს და ურთიერთობა დიპლომატიურ ჩარჩოებში გადავიდა. როგორც ვიცით ამერიკა ისმენდა საუდის არაბეთში იმ პირობებს თუ რაზე არის უკრაინა წამსვლელი და რა შეიძლება მან დათმოს. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ტრამპმაც დაიწყო რიტორიკის ცვლილება და ის აღარ ამბობს მხოლოდ იმას, რომ პუტინი კარგი ბიჭია და მას ომის კოზირები ხელში უჭირავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ომის დამსრულებელი რუსეთი არ არის. ამის არანაირი კონტურები და  წინა პირობა მათი მხრიდან არ ჩანს. რუსეთი თამაშობს და მას ამის საკუთარი მიზნები გააჩნია. პუტინს მიზნად აქვს დასახული, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში უკრაინის დახმარება მაქსიმალურად შეამცირონ. ამით კი გაეხსნას ხელ-ფეხი, რათა დაიპყროს ის 4 რეგიონი სრულად, რომელიც პუტინმა კონსტიტუციაში უკვე რუსეთის ტერიტორიებად გააფორმა. როგორც ვხედავთ, არც ტრამპის ადმინისტრაციაა გულუბრყვილო და ის რიტორიკა, რომელიც თავიდან ტრამპს და მის გარემოცვას ჰქონდა, ნელ-ნელა ცვლილებას იწყებს. ტრამპმა ლავირება დაიწყო და უკრაინის მხარის მოსმენა წინ გადადგმული ნაბიჯია. არსებობდა იმის შიში, რომ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას კიდევ უფრო  გააძლიერებდა. თუმცა აქ უკვე გადამწყვეტი სიტყვა რუსეთზეა და ეს ძალიან კარგია, რადგან უკრაინიდან ყურადღება უკვე მათზე გადავა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, არ მჯერა, რომ პუტინი რაიმე დათმობაზე წავა და მას ცეცხლის შეწყვეტის სურვილი აქვს.

– რამ განაპირობა ტრამპის და აშშ-ის რიტორიკის რადიკალური ცვლილება? ტრამპმა დაინახა, რომ შესაძლოა პუტინი მას პირიქით იყენებს და რეალურად არ სურს მოლაპარაკება და ამით დროს იგებს? 

– კი ბატონო, არ არის გამორიცხული,  რომ ტრამპი ბოლომდე მას არ ენდობა. შესაძლოა, საჯაროდ სრულიად სხვა რამეს საუბრობს, რადგან უნდა, რომ პუტინი ამ ფორმით მიიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან. მეორეს მხრივ კი მის მიმართ ნდობა არა აქვს. აქ როგორც ჩანს,  გადამწყვეტი ჩინეთ-ირანის სამხედრო წვრთნები გახდა, რომელთაც რუსეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპი ცდილობს რუსეთი ანტიჩინური პროცესისთვის გამოიყენოს. თუმცა გამოცდილი “ეფესბეშნიკის” და “კაკებეშნიკის” ასე ადვილად მოტყუება შეუძლებელია.

ამ წვრთნების დანიშვნა, რომელიც არსაიდან გაჩნდა, სწორედ ამ თამაშის ნაწილია. უკრაინა რაზეც არ უნდა დაითანხმონ ამერიკელებმა, ამაზე თანხმობა რუსებმაც უნდა განაცხადონ. ამიტომ პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის და ის პროცესს გაწელავს. პუტინი ამას სამხედრო რევანშისთვის გამოიყენებს. ნიშანდობლივი იყო უკრაინის მიერ მოსკოვის დრონებით შეტევა. ამით უკრაინელებმა აჩვენეს რუსებს, რომ სამხედრო ეფექტური მოქმედებების გატარება კვლავ შეუძლიათ.

– ამ ომის დასრულება ტრამპისთვის უკვე ღირსების და პრესტიჟის საკითხად იქცა. ის ირწმუნება, რომ მას აქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა იმის, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, რაც 3 წლის განმავლობაში მთელმა ევროპამ ერთად აღებულმა ვერ შეძლო. რა უნდა მიიღოს პუტინმა, რომ ტრამპმა ეს სურვილი განახორციელოს? უკრაინის კაპიტულაცია? რომელსაც ალბათ, უკრაინა არასდროს დასთანხმდება…

– პუტინს წითელი ხაზი აქვს უკვე გავლებული და სურს უკრაინის იმ ტერიტორიების მიღება, რომელსაც ვერ ფლობს და ვერც იპყრობს. ტრამპს კი კომერციული ინტერესებით ევაჭრება, რომ იშვიათ ლითონებზე წვდომას სრულად მისცემს. ენერგორესურსებს მისცემს და ა.შ. ამით პუტინი ცდილობს დააბალანსოს ის სურვილი, რისი მიღწევაც მას სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა ძალიან დიდი კრახის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან რაც დაწერა თავის კონსტიტუციაში, იმასაც ვერ იღებს. მეორეს მხრივ კი ფრონტის ხაზი ითხოვს იმას, რომ თუ ჩერდება უნდა გაჩერდეს იქ, სადამდეც ფრონტის ხაზია. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ რა დროსაც მოლაპარაკებები დაიწყება, ცეცხლი იმ ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს, სადამდეც არიან რუსები მისულები. ამიტომ იქ თუ გაჩერდა პუტინი, მაშინ ის ახალ ომს ვერ წამოიწყებს. ისევ ომის დამწყები როგორ დაისჯება და რა ბერკეტი ჩაიდება მის შესაჩერებლად ეს ხომ არ იცის. ამიტომ არ უნდა პუტინს რომ ეს ომი იქ შეჩერდეს, სადაც ახლა არის. შესაბამისად ლავირებას სხვადასხვა მეთოდებით  ცდილობს. ტრამპი დეზორიენტირებულია იმით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტე იყო იმის წინაპირობა, რომ პუტინმა ომი დაიწყო.

ამიტომ დარწმუნებულია, რომ თუკი რაღაცა ინტერესებზე დააფუძნებს რუსეთთან ურთიერთობას, ამ ომს გააჩერებს. ის სიტუაციას როგორც ბიზნესმენი და დასავლური ყაიდის ლიდერი  ისე უყურებს. ამ დროს კი მას ურთიერთობა სრულიად სხვა ყაიდის, კარგად გაწვრთნილ და გამოცდილ სპეცსამსახურების აგენტთან აქვს, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია. პუტინის მიზანია შექმნას ზესახელმწიფო, რომლის ნაწილიც უკრაინა უნდა იყოს. სანამ ტრამპი ამ დასკვნამდე მივა, ამას დრო სჭირდება. თუმცა ტრამპს ჰყავს გარემოცვა, რომელიც ჯერ აცდის მოქმედებას, თუმცა მას ურჩევენ  მოქმედების ტაქტიკის შეცვლას. ფაქტია ეს ცვლილება უკრაინასთან დაკავშირებით უკვე გამოჩნდა.

– პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თავიდან მოშორებაა. როგორც აღმოჩნდა, ამაში მას ტრამპიც ეთანხმება და არა ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. იქნება ამ მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ პირობად დაყენებული რომ ზელენსკი წავიდეს და მოიძებნოს ისეთი ლოიალური ფიგურა, რომელიც კრემლისთვისაც მისაღები იქნება?

– აქ საქმე მარტივად არის, რადგან ზელენსკიმ როგორც თქვა, ის მზადაა, წავიდეს თანამდებობიდან, თუკი უკრაინა უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს მიიღებს. წავა იმ შემთხვევაში თუკი უკრაინა უსაფრთხოდ იქნება. ეს არის ის მოთხოვნა, რასაც პუტინი დიდად არ ესწრაფვის. ამიტომ ვფიქრობ ტრამპი ამას ნელ-ნელა უკვე ხვდება, რომ პუტინს უნდა ამ მოლაპარაკებებიდან მიიღოს მაქსიმუმი და სანაცვლოდ არაფერი დათმოს. ის რომ ზელენსკი უნდა წავიდეს, რაც კულუარულად რუსეთთან ამერიკის გარიგების წინაპირობა იყო, ეს საკმარისი არ აღმოჩნდება იმისათვის რომ რუსეთი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის გარდამტეხი მოთხოვნა, რომელიც სიტუაციას შეცვლის. თუ ზელენსკიმ დიპლომატიურად მოახერხა სწორად ლავირება,როგორც მან ეს თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოასწორა, პუტინი მაშინ ბევრ საკითხებში გაიჭედება. ეს კი ავტომატურად ტრამპის გაჭედვას გამოიწვევს.

– თქვენ გამორიცხავთ, რომ თუკი ტრამპმა დაინახა პუტინი ატყუებს და მას რეალურად არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ მისი ეს წნეხი რუსეთზე გადავიდეს? სანქციების თემა ისევ აქტუალური გახდეს და გაბრაზებულმა ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება პირიქით, უფრო გაზარდოს?

– რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ტრამპმა სრულიად შემოატრიალოს პოლიტიკა და მთელი ეს წნეხი რუსეთზე გადაიტანოს მას შემდეგ, როცა მიხვდება, რომ პუტინი  უბრალოდ ატყუებს და ეთამაშება. არც ის არის გამორიცხული რომ პუტინს ტრამპის იმიჯის და ავტორიტეტის სრულიად განადგურება უნდოდეს. პუტინი ცდილობს მიიღოს ისეთი გამარჯვება, რომ უკრაინის ტერიტორიების მაქსიმუმი მიიღოს. რაც უფრო მალე გამოფხიზლდება ტრამპი და მიხვდება პუტინის ჩანაფიქრს, მით უფრო უკეთესი იქნება, უკრაინისთვის, ამერიკისთვის და მთელი ევროპისთვის.

– ევროპა ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისევ არ ზის და მის გარეშე ხდება უკრაინის ომის დასრულებაზე შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, რას იზამს ევროპა, შეძლებს თუ არა საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას?

– ვფიქრობ, ევროპამ თუ ეს კრიზისი გადალახა, ამ სიტუაციიდან მართლა გაძლიერებული გამოვა. კარგია, რომ მათ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. ეს დამკვიდრებული უსაფრთხოების ნორმაა, რომელზეც ყველა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმდა, კი ბატონო, ეს თუ შესაცვლელია, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. ამის ნაცვლად კი ორი უძლიერესი უსაფრთხოების დემოკრატიული ძალა შეიქმნება ორ კონტინენტზე. უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა გახდება უსაფრთხოების კუთხით. ეს ჩვენთვისაც  მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენსავე კონტინენტზე იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, ის, რაც ახლა ევროპაში ხდება და ტრამპისტები ამას ამერიკის ევროპიდან გასვლას ეძახიან, უფრო  სასარგებლო პროცესია. ამით ამერიკა თუკი ევროპიდან გავა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც დაზარალდება.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები