spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია

თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია, მოხდება ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მისივე თქმით, თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები.

“თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტრაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება

ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:

– მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია
– მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია
– მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია
– მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია
– დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია
– დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები

აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:

– ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა – ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი ‘ტრავმაა’. არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია.

– ახლა უკეთ მოვემზადებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ – რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბის, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ მოსულა და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია.

– ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას – ნანახი გვაქვს როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან – ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ

– თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე … – არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. ‘სლაბინას არ მისცემს’. ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ ორბანს რაები აქვს ამ მხრივ ნაკეთები.

ასე ჩანს ჩემგან “,  – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები