მნიშვნელოვანია არსებობდეს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი კონფიგურაცია, რომ ხმები არ გაიფანტოს. ამ ნაწილში თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პირველად არის შანსი იმისა, რომ 5 წელში ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს.
“ჩემი აზრით, “ახალსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის რაღაც გადაფარვა არის, იმიტომ, რომ ნიკა მელია ახალი წამოსულია “ნაციონალური მოძრაობიდან”, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უკვე კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი.
ჩვენ პირველად გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან რეალური შანსი, რომ 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის და შემდეგ ნატოს წევრი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკის სწრაფ განვითარებასთან.
არჩევნებზე უნდა იყოს ამომრჩევლის რაც შეიძლება მაღალი გამოცხადება. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი საარჩევნო ყუთებთან! ეს ხალხი რომ მისცემს ხმას პარტიას, ამ ხმას უნდა დაცვა და ამ ნაწილში მარტო პოლიტიკური პარტიების იმედად ნუ იქნება ნურავინ.
ამ ყველაფრის შემდეგ მნიშვნელოვანია არსებობდეს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი კონფიგურაცია, რომ ხმები არ გაიფანტოს. ამ ნაწილში თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.