დელეგატები სხვა არაფერია თუ არა სახეცვლილი მაჟორიტარები, რომლებიც ფეოდალებს წარმოადგენენ. ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ არჩევნებზე ხმები დაამობილიზონ, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ სჭირდებათ რეგიონებში ადამიანები, რომლებიც ჩავლენ და ხალხის აღქმაში იქნებიან ივანიშვილისგან ხელდასხმული ტიპები.
“დელეგატები სხვა არაფერია თუ არა სახეცვლილი მაჟორიტარები, რომლებიც სინამდვილეში ამ ქვეყანაში წარმოადგენდნენ ყოველთვის და მათ შორის “ოცნების” პირობებშიც ჩვეულებრივ ადგილობრივ ფეოდალებს. მათ ხელში გადის მთელი ბიუჯეტის ფული, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო, ხალხმა ეს წონა დაკარგა, მათ სჭირდებათ რეგიონებში ადამიანები, რომლებიც იქ ჩავლენ და ხალხის აღქმაში იქნებიან ივანიშვილისგან ხელდასხმული ტიპები. ვიღაც, რომ ჩავა და იტყვის, რომ მე ვარ დელეგატი, ეს ნიშნავს, რომ ბიძინამ თქვა, რომ ეს კაცი არის უფროსი და ამას დაუჯერეთ, ის განკარგავს ყველაფერს. ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ არჩევნებზე ხმები დაამობილიზონ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40 %-იანი ბარიერი. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.