მგონია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურმა სპექტრმა ოჯახთან შეთანხმებით უნდა მიიღოს, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ.
“კონკრეტული გეგმების განხილვა აქ არ ყოფილა. შევთანხმდით, რომ მეტი კოორდინაცია და კომუნიკაცია გვექნება, ვიდრე აქამდე გვქონია, შევთანხმდით უახლოეს მომავალში კიდევ შეხვედრაზე. ბევრი ვისაუბრეთ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, თუ რა მდგომარეობა და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ახლო მომავალში. სურათი არის ძალიან მძიმე. ჩვენ გვინდა ასევე შევხვდეთ ოჯახს და ოჯახს დაველაპარაკოთ. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართეს.