რუსეთის როლი არ იცვლება, რუსეთი არის ოკუპანტი და ის ყოველთვის საუბრობს ოკუპანტის ენაზე, – ამის შესახებ აფხაზეთის მკვლევარმა ზვიად ჯგერენაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმოქმედობა და დუმილი არის რუსეთის მოკავშირეობა.
“რუსეთის როლი არ იცვლება, რუსეთი არის ოკუპანტი და ის ყოველთვის საუბრობს ოკუპანტის ენაზე, თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ცდილობს გავლენების სცენარით განვითარებას და მოძლიერებას, არამარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე კულტურული თვალსაზრისითაც და რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩაითვალოს, ერთმნიშვნელოვნად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად და ეს ნაბიჯი თანდათან იღებს მცოცავი არა ოკუპაციის, არამედ მცოცავი ანექსიის სახეს. შეიძლება ითქვას, რომ, ამ შემთხვევაში, უმოქმედობა და დუმილი არის რუსეთის მოკავშირეობა და უმოქმედობა და დუმილი გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლებისგან, ეს არის მისი პოზიცია, როდესაც მისი პოზიცია უნდა იყოს ხმაური, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და სხვა. ეს ჩვენი საშინაო საკითხია და საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში არის რუსეთის ირიბი მოკავშირე“, – განაცხადა ზვიად ჯგერენაიამ.
დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, თუმცა დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. ე.წ პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, თუმცა ე.წ დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები ე.წ დეპუტატებისგან სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.
აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და “პარლამენტის” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.