ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯაფარიძეს ისევე როგორც საქმის სხვა ფიგურანტებს, ნასამართლეობა არ აქვს.
“კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს, არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, ბადრი ჯაფარიძე განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, მას არც ნასამართლეობა არ აქვს. შესაბამისად, თუ პარლამენტი ამ შინაარსს განმარტავს, ჩემი აზრით, დეპუტატის უფლებამოსილება მას არ უნდა შეუჩერდეს”, – განაცხადა კორძაძემ.
ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისათვის 50 დეპუტატის თანხმობაა საკმარისი.
პროცედურის დასაწყებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილების გამოსათხოვად სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საკითხს ბიუროზე გაიტანს.