ამ კანონის შემოტანით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა უნდა მოხდეს ცენზურის ინსტიტუციონალიზაცია, ცენზურა უნდა განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუციებმა და უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი სარედაქციო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მწერლებზე და ხელოვნების სხვა სფეროზეც იმოქმედებს.
“ამ კანონის შემოტანით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა უნდა მოხდეს ცენზურის ინსტიტუციონალიზაცია, ცენზურა უნდა განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუციებმა და უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი სარედაქციო პოლიტიკაზე, ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ის და ისე, როგორც მას – ცენზორს ეს უნდა და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რაიმე ტიპის თავისუფლება, რომელიც მისი კონტროლის მიღმა დარჩება, მათ შორის, იმ ტიპის ფინანსური თავისუფლებაც კი, როგორსაც სხვადასხვა მედიასაშუალება, განსაკუთრებით ონლაინმედიასაშუალებები იღებდნენ საერთაშორისო ფონდებისგან.
ცენზურის სისტემას ქმნის, რომელსაც მომავალში დაემორჩილება არა მხოლოდ მედია, არამედ მწერლობა, სხვა ხელოვნების და შემოქმედების სივრცეები და დაექვემდებარება ყველა მოქალაქე”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
24 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მედიის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი დააინიციირა. ცნობილია, რომ კანონით დადგინდება მედიასაშუალებათა ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.