შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მონიჭებულ სტატუსს და ხაზგასმით აცხადებს, რომ არც ორგანიზაცია და არც აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს.
“სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო მისი აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ, როდესაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის.
ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე, გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე, გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მონიჭებულ სტატუსს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს, ასევე, არცერთი პოლიტიკური პარტიის სიაში არ არის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამდენად, არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” ანტიკორუფციული ბიუროს ამ მოთხოვნების შესრულებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.