იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამდებობა დატოვა. შალამბერიძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება.
ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სჯერა, პარლამენტში იმერლების ხმა იქნება და იზრუნებს მათი ინტერესების დაცვაზე.
მისივე თქმით, მზად არის, კვლავ დაუღალავად ემსახუროს ქვეყანას.
“დადგა დღე, როდესაც მე უნდა დაგემშვიდობოთ როგორც სახელმწიფო რწმუნებული, თუმცა ჩვენ ხვალიდან მოგვიწევს ახალი ურთიერთობები, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს. მე ვიქნები თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში, ამის მჯერა, რადგან დღემდე ჩემი თანამდებობა და სტატუსი წარმატებული სწორედ თქვენი მხარდაჭერით იყო.
ბევრი პრობლემა დავძლიეთ ერთად და ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, რამაც იმერეთი მეტად მიმზიდველი გახადა, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ტურიზმის და ინვესტიციების ნაწილში. იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი, უძველესი ევროპული ქალაქი, ყოველთვის იყო ნიჭიერების სამჭედლო, აქ იბადებოდნენ და იბადებიან გენიოსები, რომლებიც ჩვენი ქალაქის, მხარის და ქვეყნის სახელს მსოფლიო მასშტაბით წარმატებით წარადგენენ.
ქუთაისი ახლაც განათლების კერაა, სადაც ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები იღებენ უმაღლეს და ხარისხიან განათლებას უნივერსიტეტში, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ინიციატივით დაარსდა და მისივე მხარდაჭერით შეიქმნა ყველა პირობა მომავალი თაობებისთვის.
ჩემი აქ, ამ თანამდებობაზე გატარებული ხუთი წელი იყო სიამაყის წლები, რადგან არცერთი გადაწყვეტილება ხალხის გარეშე არ მიღწეულა, ყველაფერში იყავით ჩართულები და ეს ასე გაგრძელდება.
ვნახე, როგორ ცდილობს ჩვენი პროგრესული ახალგაზრდობა უკეთესი გახადოს მომავალი, როგორ ინახავენ ჩვენი მოხუცები ტრადიციებს და გადასცემენ მათ ახალ თაობას. ვნახე, როგორ რჩებიან ჩვენი სოფლების მკვიდრნი მიუხედავად სირთულეებისა თავიანთი ფესვების ერთგული და განაგრძობენ დაუღალავად შრომას თავიანთ მიწაზე. თქვენი სულიერი ძალა და ერთგულება მშობლიური მხარისადმი ყოველდღიურად შთამაგონებს და მაძლევს მოტივაციას.
ახალი პოზიცია მომცემს შესაძლებლობას გამოვიყენო სხვა რესურსები და მიდგომები იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ჩვენს წინაშეა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ – ჩემი ენერგია და სურვილი, ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. მზად ვარ, განვაგრძო მუშაობა ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისათვის, დავისახო ამბიციური მიზნები და მივაღწიოთ მათ თქვენთან დახმარებით. ერთად ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი იმერეთისა და მისი თითოეული მცხოვრებისთვის.
ყველამ ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი საქმეა, მაგრამ ჩვენ გუნდთან ერთად, რომელიც ერთიანია ყველა კეთილ საქმესა და ქვეყნისთვის ზრუნვაში, გაერთიანებული ძალისხმევით, მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი მხარე აყვავდება, თითოეული თქვენგანის ცხოვრება დღითი დღე უკეთესი გახდება. მზად ვარ, კვლავ პატრიოტულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას დაუღალავი შრომით.
ჩვენ ღირსებით, გაერთიანებული და გაძლიერებული გავაგრძელებთ გზას საერთო მიზნებისკენ, მიღწეულზე შეჩერების გარეშე.
მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, სადაც არ უნდა ვიყო, თქვენი, ჩემი იმერლების კეთილდღეობა და ინტერესების დაცვა იქნება ჩემთვის უპირველესი!” – აცხადებს შალამბერიძე.
ზვიად შალამბერიძე იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2019 წლის 19 ივლისიდან იკავებდა.