ამინდის პროგნოზი

"არ ვარ წინააღმდეგი, ჩემი კანდიდატურა სხვა პარტიამ დააყენოს, თუნდაც გიორგი ვაშაძემ ან "ნაციონალურმა მოძრაობამ"

 
25 June, 2016   6 თვის 3 კვირის წინ
 
1285

მიდის თუ არა „გირჩში“, როგორ აპირებს გორში ოქრუაშვილთან ბრძოლას და რას იხსენებს ახალაიაზე, სააკაშვილსა და შაშკინზე

,,ამ მარაზმატულ ძალას მხარს აღარ ვუჭერ“ - ამ ხმამაღალი განცხადებით "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ანდრო ბარნოვმა პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვა. მითქმა-მოთქმა მალევე დასრულდა, თუმცა მას მერე ბარნოვს, სამომავლო გეგმებზე მედიასთან აღარც უსაუბრია, თუ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ რამდენიმე განცხადებას არ ჩავთვლით. ცნობილი ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან საჯარო პოლიტიკაში ბრუნდება და გორის მაჟორიტარობას პარტია ,,გირჩის'' დახმარებით აპირებს. ამ და სხვა თემებზე ანდრო ბარნოვი ,,ვერსიას'' ვრცელ ინტერვიუს აძლევს და ექსკლუზიურად ჩვენთან რამდენიმე საინტერესო ინიციატივას ახმოვანებს.

- ბატონო ანდრო, ბევრს ჰგონია, რომ ნაციონალებიდან წამოსვლის შემდეგ ,,გირჩის'' წევრი გახდით. ასეა? 

- არა, არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში შესვლას. ,,გირჩსაც'' პირველმა მე მივმართე, რადგან ყველაფერს საკუთარი ინიციატივით ვაკეთებ. ვუთხარი, თუ სურდათ, პარტიაში შეუსვლელად ჩემი კანდიდატურა დაეყენებინათ გორში. უკვე მეორედ, მათი ინიციატივით შევხვდით და თავადაც გამოხატეს მზადყოფნა. მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა და ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ - საბოლოო გამოხმაურებას ველი. ,,გირჩის'' წევრების მიმართ დიდი სიმპათია მაქვს. ვაფასებ ზურაბ ჯაფარიძეს, ნინო დარსაველიძეს, ვახო მეგრელიშვილის, რომელიც კახა ბენდუქიძის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრი იყო, ასევე, იაგო ხვიჩიას, რომელიც პოლიტიკის მომავალ ვარსკვლავად მიმაჩნია. მათი ღირებულებები ზედმიწევნით ახლოსაა ჩემს გემოვნებასთან. რეალურად, დღეს ეს ძალა ჩემთვის ერთადერთი საინტერესო გუნდია. 

- მაშინ ამ გუნდის წევრი რატომ არ ხდებით, არ მესმის? 

- პარტიულობა ერთადერთი მიზეზით არ მსურს - გორის მაგალითზე პროდასავლური ძალების კონსოლიდირება მინდა ვცადოთ. საერთოდ, პოლიტიკური სპექტრი ისედაც ძალიან დაქსაქსულია, ამიტომ არ მინდა, ე.წ. დასავლური ფლანგი უფრო გაიშალოს. დაქსაქსვის მომხრე რომ ვყოფილიყავი, თავად შევქმნიდი პარტიას, მით უმეტეს, დიდი ხანია, მაქვს ჩემი მოძრაობა. უბრალოდ, მინდა, მაჟორიტარების გაყვანაში პროდასავლური ძალები ერთმანეთს დაეხმარონ. 

- ეს თქვენი კეთილი სურვილია თუ ამ თემაზე საუბრებიც მიდის? 

- სამწუხაროდ, ჯერ მსგავსი არაფერი მომისმენია, თუმცა ვისურვებდი... ამიტომ თავად ვაპირებ საზოგადოებასთან ამაზე საუბარს. 

- "ნაციონალურ მოძრაობასთანაც", თუ ხიდები დამწვარია უკვე? 

- არა, რატომ? იქიდან ჩხუბითა და დავიდარაბით არ წამოვსულვარ. უბრალოდ, არსებულ სტრატეგიასა და ხედვაზე ვერ ვთანხმდებოდით, თორემ პარტიის ზოგადი მიზნებისა და კურსისგან არსად გადამიხვევია, მთელი ცხოვრებაა თავად მაქვს ეს კურსი. იგივე შემიძლია ვთქვა იმ ხალხზეც, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა. სიმართლე გითხრათ, არ ვარ წინააღმდეგი, ჩემი კანდიდატურა სხვა პარტიამ დააყენოს, თუნდაც გიორგი ვაშაძემ ან "ნაციონალურმა მოძრაობამ". მთავარია, საგარეო კურსი იყოს დასავლური და ძირითად ღირებულებებს ვეთანხმებოდე. თუმცა "ნაციონალებთან" პრობლემა შიდაპარტიული მმართველობის თემაზე მაქვს. იქ არის პარტიული ბიუროკრატია, რომელიც კლავს! დღევანდელი ადგილობრივი პარტბიუროკრატია წყვეტს ყველაფერს ისე, რომ არავის არაფერს ეკითხება, სხვათა შორის, არც სააკაშვილს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს პარტია ჩაიკეტა სიახლეებისთვის, ახალი ლიდერებისთვის. ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი და მიდგომა გვჭირდება, რასაც ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს. 

- კონკურენტების მესიჯებს იპარავენ, ოფისიდან გასვლა ეზარებათ, 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ, 65 კაცია პოლიტსაბჭოში და ყველა გაერთიანებულია დიდ და პატარა კლანებში - ეს თქვენი შეფასებებია, როცა ამ პარტიიდან წამოხვედით, ამიტომ ახლა ამომრჩევლისთვის გაუგებარი არ იქნება, უარს რომ არ ამბობთ ნაციონალების მხარდაჭერით მაჟორიტარობაზე? 

- ეს არაა სწორი ფორმულირება... მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელი პროდასავლური ძალა დამეხმარება. 

პირდაპირ ვამბობ, თუ დავინახე, რომ გორის რაიონში ჩემზე ცნობად, უკეთესი შანსების მქონე და უფრო პოზიტიურ კანდიდატურას დააყენებს ვინმე, ჩემსას მოვხსნი და მხარს მას დავუჭერ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოვითხოვ, მან მოხსნას კანდიდატურა და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ეჭვი გაჩნდება, ვიღაც სწორედ პროდასავლური ძალების ჩაძირვას ცდილობს დასავლური ნიღბით. 

რაც შეეხება ნაციონალებს, მათზე შიდაკულუარული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, დიდი არაფერი შეცვლილა, პირიქით, შესაძლოა, შიდა დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. იქ არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ ადგილს ეძებს მზის ქვეშ, ვიღაცას ენერგია არ ჰყოფნის, რათა ხალხს ცვლილებები შესთავაზოს, ვიღაცას ენერგიაც აქვს და იდეებიც, მაგრამ მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნია პრობლემებზე ღიად საუბარი. ეს ყველაფერი, ჯამში, ისევ მათ აზარალებს. 

- საინტერესო ფრაზა თქვით, რომ პარტიული ბიუროკრატია მიხეილ სააკაშვილსაც არაფერს ეკითხება. აბა, რისთვის დადიან უკრაინაში? 

- ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობას მმართველობის თავისუფლება სურს, რათა სააკაშვილისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ყველაფერი და პრინციპში, ასეცაა - სააკაშვილი ადგილობრივ გადაწყვეტილებებში როგორ ჩაერევა? რაც შეეხება სირბილს უკრაინაში, რაც უნდა გააკეთონ, სულ რომ თავი მოიკლან, ეს პარტია მაინც სააკაშვილის ლეგიტიმაციის ნაწილად აღიქმება. სააკაშვილს მაინც ვერავინ გაემიჯნება, ამიტომ მასთან ინტენსიური კონტაქტი აუცილებელია; გარდა ამისა, სააკაშვილიც ხედავს, სულ რომ არ ჩაერიოს პროცესებში და პარტიამ მოიგოს ან წააგოს, ეს მაინც მისი პირადი მოგება ან წაგება იქნება, ამიტომ მას ამ პარტიის მოგების ბუნებრივი ინტერესი აქვს. თუმცა ის რეიტინგი, რაც პარტიას დარჩა, პირობითად ბაქრაძის, მაჭავარიანის ან ბოკერიას კი არა, პერსონალურად სააკაშვილის რეიტინგია. 

- ნაციონალებთან ბმა თქვენს შემთხვევაში არ შექმნის პრობლემებს? 

- ეს ბმა მოშორებული არ მაქვს. ალბათ, ბევრმა ინფორმაციის დონეზეც არ იცის, რომ პარტიიდან წამოვედი და აღარც ბიბლიოთეკაში ვარ. 

- ბატონო ანდრო, რამდენჯერმე პროდასავლური ფლანგი და მისი გაერთიანება ახსენეთ. ,,გირჩისა'' და ნაციონალების გარდა, ამ ფლანგზე კიდევ ვის გულისხმობთ, თქვენს ძველ პარტიას ხომ არა? 

- რესპუბლიკელებზე ამბობთ? რეალურად, ერთი მომენტი იყო, როცა ამ პარტიაში ლამის შევედი. რესპუბლიკელების წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ფლანგზე ნამდვილად არიან ისევე, როგორც ირაკლი ალასანია. თუმცა ორივე ძალა უსაქციელოდ მოიქცა, როცა ,,ოცნების'' ბლოკში გაერთიანდა და პრორუსულ ბლოკს დასავლური ნიღაბი ჩამოაფარა. პროდასავლურ ფლანგზე განვიხილავ გიორგი ვაშაძესაც, ხოლო პაატა ბურჭულაძეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემთვის ეს ადამიანი და მისი პარტია სრულიად გაურკვეველი მიზნების მქონეა, მიუხედავად განცხადებებისა, რადგან მაგალითად, მის გვერდით თვალი მოვკარი სოსო ალავიძეს. ამ პარტიას პროდასავლურ ძალებში ვერ დავაჯგუფებ. იქ არიან შეფარული რუსული სენტიმენტებით ცნობილი ადამიანები. პროდასავლურ ძალებთან კი არც კონსოლიდაციის თემაზე ვაპირებ კულუარულ მოლაპარაკებას. კულისებსმიღმა არ ვისაუბრებ, საჯარო პირი ვარ და საჯარო განცხადებებს ვაკეთებ - ყველას შეუძლია, ასევე საჯაროდ მიპასუხოს. არც იმას გამოვრიცხავ, ჩემი მოსაზრება არავინ გაითვალისწინოს, ერთმანეთს დაერიონ და ჭამა დაუწყონ, ამ შემთხვევაში, ამ საგიჟეთს ისევ მე გავეცლები. 

- ფაქტია, რომ კონსოლიდაციის იმედით ირაკლი ოქრუაშვილს ვერ დააინტერესებთ, რომელიც სწორედ გორში ცდილობს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ბევრი ამბობს, რომ მას გორში შანსები აქვს. თქვენ რას უპირისპირებთ ექსმინისტრს? 

- ეს ჩემი რაიონია... ჩემი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ და რაიონსაც ზედმიწევნით კარგად ვიცნობ. გორის სამხედრო აკადემიაც ჩემი შექმნილია და საერთოდ, უკანასკნელი 7 წელი გორთან უწყევტი ურთიერთობა მაკავშირებს. იქ დღესაც ვმოღვაწეობ, უამრავი საინტერესო პროექტი მაქვს, რომელშიც ბევრი ადამინია ჩართული და არ ვაპირებ, იქ ხალხს რაღაც სისულელეებზე ველაპარაკო. რაც შეეხება ოქრუაშვილს, მას პირადად არ ვიცნობ და ვფიქრობ, ისეთი ხალხის ლანძღვა არაფერს მომიტანს, ვისაც ხალხი ისედაც კარგად იცნობს. 

ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილისნაირი ადამიანი პარლამენტში, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან ეს კაცი არ ასოცირდება არც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან, არც უკეთეს საზოგადოებასთან, მშვიდობასთან, აღმშენებლობასთან. მასში არის აგრესია, რომელსაც ხშირად ვექტორიც არ აქვს - ეს კაცი არის ცარიელი აგრესია. ჩვენ ასეთები პარლამენტში საერთოდ არ გვჭირდება - არც ერთი და არც 150. სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, ნაციონალებსა და ,,ოცნებას'' ჩამოყალიბებული ჯერ არაფერი აქვთ. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი მიზანია, გორში პროდასავლური ფრთის ერთიანი ლიდერი ვიყო. 

თუ არადა მარტო ბრძოლა მომიწევს, ფინანსებისა და ორგანიზაციული რესურსების გარეშე და ახლავე ვამბობ - არანაირ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ და ვეცდები, ამას ჩემი მხარდამჭერებიც ავარიდო. 

- და თუ მიზანს ვერ მიაღწევთ, საჯარო პოლიტიკიდან ისევ გაქრებით? 

- საჯარო სივრცეში ყოფნა ჩემი თვითმიზანი არ არის. მაგალითად, 2008 წელს ომი რომ არ მომხდარიყო, საჯარო სივრცეში აღარასდროს მოვბრუნდებოდი. ჩემი ბევრი კარგად აწყობილი პროექტი დავტოვე, რადგან ომის მერე სხვა ყველაფრის მიმართ ინტერესი ბუნებრივად დავკარგე. დაახლოებით ორი თვე მხოლოდ ანალიზით ვიყავი დაკავებული და მალე, ცნობილი ექსპერტიც გავხდი. ასე დავიწყე ნულიდან.

მერე იყო 2009 წელი, დიდი დაპირისპირების პერიოდი ნაციონალებსა და ოპოზიციას შორის და ჩემი და რამდენიმე ცნობილი ადამიანის იდეა იყო, ამ ძალებს შორის დიალოგიც, რამაც მაშინდელ ოპოზიციას ტოტალური კრახი მოუტანა - მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი კონკრეტული შეთავაზება, სიძულვილის გარდა. 2010 წელს ოპოზიციის კრახი საბოლოოდ გაფორმდა. 2012-ში კი ივანიშვილმა ეს პოლიტიკური გვამები, იყიდა, რადგან არცერთი ოპოზიციონერი სიცოცხლის ნიშანწყალსაც აღარ ამჟღავნებდა და ისინი პარლამენტში შეათრია. ჩემი ურთიერთობა ნაციონალებთან კი ძალიან კონკრეტული პროფესიული საქმიანობით დაიწყო. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა ბაჩო ახალაიამ თავდაცვის აკადემიის პროექტის ჩაბარება შემომთავაზა. მისი აღდგენა ნატო-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო, თუმცა გარშემო ამის გამკეთებელი არავინ ჩანდა. ამ პროექტზე უარის თქმა არ შემეძლო და ძალიან ცოტა ხანში, ეს იყო სრულიად წარმატებული საქმე, რომლის გარშემოც მობილიზებული იყო მთელი საერთაშორისო მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში. ამის მერე მინისტრის მოადგილე გავხდი, თუმცა, როცა მინისტრი შეიცვალა, ახალმა მინისტრმა, შაშკინმა აღარ ისურვა ჩემთან თანამშრომლობა და ეს დიდი პროექტი შუა გზაზე დამატოვებინეს. აბსოლუტური ნულიდან ავამუშავე ანალიტიკური დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროში, თუმცა ახალი მინისტრისთვის ეს საქმე ღირებული არ აღმოჩნდა. 

- ძველ მინისტრზე დადებით კონტექსტში საუბარიც კი დღეს არაპოპულარულია, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაში. როგორ ფიქრობთ, რატომ? 

- არ მაინტერესებს, რისი თქმაა პოპულარული და რისი არა. ბაჩო ახალაიასთან ვმუშაობდი, ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, მასთან დიდი სიახლოვეც არ მქონია, მაგრამ მქონდა პროფესიული ურთიერთობა და არაფერი, რასაც აბრალებენ, მასზე ჭორადაც კი არ გამიგია. ყველაზე დიდი ნეგატივი, რაც მინახავს და მსმენია, ისაა, რომ მუშაობის დროს შეიძლება მაგრად ეყვირა, მაგრამ აბა, მე მკითხეთ, რამდენი მიყვირია მუშაობის პროცესში! ჩემი აზრით, ისიც და მერაბიშვილ-უგულავაც ცალსახად პოლიტიკური პატიმრები არიან, ყველაფრის მიუხედავად... ამიტომ ნაციონალების განსხვავებული დამოკიდებულება ახალაიას მიმართ, ჩემთვის ასევე მძიმე მომენტია, რადგან იმ საერთო საფრთხეების მიუხედავად, რაც მათი გუნდისა და ქვეყნის წინაშე დგას, ერთმანეთის ჭამას მაინც განაგრძობენ. - რაკი საფრთხეებზე საუბრობთ, კიდევ ერთი საფრთხილო ტენდენციის შესახებ გკითხავთ: აქტიურია შევარდნაძისდროინდელი ბევრი ოდიოზური ფიგურა, ლევან მამალაძიდან დაწყებული, თემურ ხაჩიშვილით დასრულებული. პარტიებს ქმნიან ევრაზიული კავშირის მომხრეებიც, ხელისუფლების ყოფილი ლიდერები და ა.შ. რას უკავშირებთ ამ ძალების მომრავლებას და ეს რა საფრთხე შეიძლება იყოს ქვეყნისთვის? 

- როგორც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვედი, არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთ კვირაში დავაფუძნე ,,მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტერგაციისთვის''. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო, ამ ინტენსიური პრორუსული კამპანიისთვის, რომელიც მაშინ უკვე მძლავრად იკიდებდა ფეხს, რაღაცნაირად წინააღმდეგობა გამეწია. ეს მოძრაობა მთელ საქართველოში გავშალეთ. ძირითადად, ახალგაზრდებთან ვმუშაობდით, ვატარებდით საჯარო ლექციებს, გიჟივით დავდიოდი მთელ საქართველოში და ახალგაზრდებს ვხვდებოდი. დიახ, მე დიდი საფრთხე დავინახე ჯერ კიდევ 2012 წელს და მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსი გვჭირდება, რომლის მიღწევა ინფორმირების გარეშე შეუძლებელია. 

- ეს კონსენსუსი ევროპული არჩევანის შესახებ ქვეყანაში უკვე შემდგარი არ არის? 

- არა. ახალი ხელისუფლების პირობებში, მაინც დაწეულია მოსახლეობაში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა და თუ ეს მაჩვენებელი აქამდე 80%-ზე მეტი იყო, ახლა 60%-ზე მეტია. ეს 20%-იანი ვარდნა კი, საბოლოოდ, ძალიან დიდი პრობლემაა. ამ ყველაფერს ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური მიზნები. სათავეში მყოფ ადამიანებს პირადი, კორუფციული მიზნები აქვთ და არა პოლიტიკური ხედვა. ჰოდა, 

როცა არსად არავინ ექაჩება ამ ქვეყანას, როცა ხელისუფლებას ის არსაით მიჰყავს, უკვე ყველას ადგილი ჩნდება პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ მამალაძე, ხაჩიშვილი, კიტოვანი, ბედუკაძე და ყველა კოშმარი, ვინც მხოლოდ შეიძლება დაგვსიზმრებოდა, დღეს პოლიტიკოსების რანგში ჩვენ გვერდით დგანან. მე ქალაქში გამოსვლასა და მათთვის გადაადგილების აკრძალვაზე კი არ ვსაუბრორბ, უბრალოდ, მათ საჯარო სივრცეში ყოფნა სასამართლომ უნდა აუკრძალოს. 

ამისთვის კი ნორმალური პოლიტიკური სპექტრია ასარჩევი. რაკი მკითხეთ, ამიტომ ვისაუბრე პატიოსნად ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ პრობლემებზე, თორემ ამაზე საუბარი არც მინდოდა. არა იმიტომ, რომ მერიდება, არამედ ისევ ზოგადი პოლიტიკური ამინდისთვისაა საზიანო. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ისევ ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვიდრე ეს ადამიანები. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ამაზე საუბრისგან ისედაც თავს ვიკავებდი, ამიტომ ახლა ღიად ვამბობ - ოღონდაც ესენი წავიდნენ და ნაციონალების მობრუნებაზეც თანახმა ვარ! ამ პრორუსულ ძალთა მომრავლების მეორე მიზეზი კი ისაა, რომ რაკი ხელისუფლებას არ აქვს ვექტორი და აქვს მხოლოდ პირადი მიზნები, ამ პირად მიზნებში უკვე ეს ყველა სახე, ვისაც თუნდაც 10 კაცი უჭერს მხარს, საჭირო ხდება. ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ბარიერი, ეს ხალხი საჯარო ცხოვრებაში არ შემოაბრუნონ. სამწუხაროდ, ივანიშვილი უმალ კიტოვანს მიესალმება პარლამენტში, ვიდრე ბოკერიას ან თუნდაც მე. დიდი საფრთხეა, რომ პირდაპირ მტრების კრებულს მივიღებთ საკანონმდებლო ორგანოში - იქ პირდაპირ რუსები დაგვისხდებიან! თორემ მე არანაირი კომპლექსები არ მაწუხებს და არ ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტის წევრი არ ვიქნები, ე.ი. ღირსება აღარ მექნება, როგორც ადამიანსა და მოქალაქეს.

 

 




გაზეთი "ვერსია"

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა