მესიჯბოქსი, რომ თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ, ამას პროტესტი მოჰყვება, მგონი, საოცარი მასშტაბის კაგებეშნიკური ვირეშმაკობაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ეს არის არა დემოკრატიული ხელისუფლება, არამედ ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და მის წარმოდგენაში ნებისმიერი კომპრომისი აღქმულია, როგორც სისუსტე. ამიტომ არაფერს გააკეთებს, რაც სჭირდება საქართველოს და საზოგადოებას. ბოლომდე შემოგვასკდებიან, რომ სკამები არ გამოეცალოთ. მესიჯბოქსი, რომ თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ, ამას პროტესტი მოჰყვება, მგონი, საოცარი მასშტაბის კაგებეშნიკური ვირეშმაკობაა. როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანებში ადამიანის გადარჩენამ პროტესტი გამოიწვიოს, ვინაიდან, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სააკაშვილი დარიშხანით არის მოწამლული, რომელიც ყოველ დღე იწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას. ადამიანმა 40 კილოზე მეტი დაიკლო და უფრო და უფრო პროგრესირებს ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე როცა ვსაუბრობთ, ევროპაში პრეზიდენტებს არავინ წამლავს და არც არავინ საპატიმროში არ კლავს. თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, ისტორიაში ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას. ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია, რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯები. სალომე ზურაბიშვილს აქვს ბერკეტები, სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, რაც იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, მაგრამ პრეზიდენტია და ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არ არის? პრეზიდენტია და გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.