საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, ასევე გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ასევე, აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს.
მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე ნანახი იქნა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები.
მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები სხვა შესაძლო დაზარალებულების დადგენის მიზნით.
დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ( პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში.