“თუ ხელისუფლებას სურს დააფიქსიროს ძალიან მკაფიო მიზანი ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ აუცილებელია შეიქმნას ერთიანი სამოქმედო გეგმა და ის არ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა ერთპიროვნულად დაწერილი კონკრეტული პარტიის მიერ“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების დროს.
მისი თქმით, სამოქმედო გეგემა უნდა იყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული და მასში ასახული უნდა იყოს კონკრეტულ დროში გაწერილი თანმიმდევრული ნაბიჯები, რეფორმები, რაც მოეთხოვება ქვეყანას, რომელიც კანდიდატის სტატუსის შემდგომ დაუყოვნებლივ დგამს ნაბიჯებს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
“ამასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრჩეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მჭიდრო, ეფექტიანი კოორდინაციის პროცესში და ეს გეგმა ითვალისწინებდეს ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებასაც.
ასევე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შეიქმნას სპეციალური საგანგებო უწყება, რომლის ერთადერთი ფუნქცია სწორედ ევროინტეგრაცია იქნება, მათ შორის, ეს შეეხება კოორდინაციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. ეს არ იქნება მხოლოდ საოპერაციო დანიშნულების მქონე ინსტიტუტი, ეს იქნება ძალიან მკაფიო პოლიტიკური განაცხადი, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას სურს რეფორმები განახორციელოს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.