spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზედელაშვილი – რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან ვერ ვხედავ

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე “ქართული ოცნება“ არ აპირებს ოპოზიციასთან არც დიალოგს და არც რაიმე სახის მოლაპარაკებაზე წასვლას. პირიქით, კანონებს ამკაცრებს და ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნასაც კი აანონსებს. ამ ფონზე კი ოპოზიცია კვლავ ცდილობს ხელისუფლებაზე წნეხი დასავლეთის დახმარებით მიიტანოს და ევროკავშირისგან “ოცნებაზე“ სანქციების უფრო მკაცრი პაკეტის მიღებას ითხოვს.

როგორ შეიძლება უახლოეს მომავალში ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეიცვალოს, რა არის ახლა ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი? რას შეძლებს ოპოზიცია, თუკი სანქციები ევროკავშირიდან უფრო მკაცრი ფორმის იქნება? – ამ და სხვა საკითხებზე Front News კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია და ხელისუფლება აღარც კი ცდილობს ფასადური დემოკრატიის თამაშის გააგრძელებს, “ოცნება” ავტოკრატიული რეჟიმის დამყარების ყველა ბერკეტს იყენებს და ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.

– არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტიკური კრიზისია. ერთპარტიული პარლამენტი გვყავს და მის მიერ დამტკიცებული მთავრობა ქვეყანას მართავს. რა სახის სახელმწიფო მივიღეთ 26 ოქტომბრის შემდეგ და თქვენ როგორ აფასებთ არსებულ რეალობას? 

– 2024 წლის 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილის საპროგრამო სიტყვამდე, ფარულად მიმდინარეობდა ქვეყანაში ძალაუფლების მიტაცება და პერსონალიზაცია. მთელი ძალაუფლების ვექტორის სრულად ივანიშვილზე მორგება მოხდა. ეს პერსონიზაცია სრულად როდესაც დასრულდება, შემდეგი ნაბიჯი უკვე ავტოკრატიზაციაა. ეს არის ხალხთან, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების დაკარგვა. ეს გარკვეულ წილად უკვე არჩევნების შემდეგ უფრო მკვეთრად გამოჩნდა.

26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცნობილი და ცხადი იყო, რომ “ოცნებას“ აღარ ჰქონდა ის პლებისციტური მოწონების მანდატი, რის შედეგადაც ის ხელისუფლებაში კიდევ დარჩებოდა. ამიტომ საჭირო გახდა მასობრივი გაყალბება და მანიპულაცია. საბოლოოდ კი რაც მივიღეთ, ეს არის არალეგიტიმური და ერთი პირის მიერ მიტაცებული სახელმწიფოები. ასეთი ტიპის რეჟიმს ჰეგომონური საარჩევნო ავტორიტარიზმი ჰქვია. ერთი ჰეგემონი, პოლიტიკური პარტია ხდება ძალაუფლების მატარებელი და ასევე გვაქვს პერსონალური დიქტატურის ნიშნები, რადგან ეს ძალაუფლება ერთი ადამიანის გარშემო არის გაერთიანებული, ხოლო მისი პარტია ჰეგომონურია. არსებობს რაღაცა ფასადური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი თავიდან შექმნეს. თუმცა ტარდება არჩევნები, რომელიც არჩევნების ფასადია. არ არსებობს მრავალფეროვნება, ეს არის მხოლოდ ფაბრიკაცია და აქ არ არის არც დემოკრატიული ლეგიტიმაცია.

– ფიქრობთ, რომ 8 დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება აპირებს საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს,  იმდენად მოწყვლად გარემოს შექმნის, რომ ნებისმიერი მიზეზით რაიმეს გაპროტესტება ადამიანის დევნის საფუძველი გახდება?

– “ოცნებას” ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ეს კი რეჟიმისთვის ვერტიკალური საფრთხეა. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ის მასობრივ ძალადობრივ რეპრესიებში ხედავს გამოსავალს. რეპრესიებს კი ორი სახე აქვს, ეს არის ძალადობა, წამება, ცემა, როგორც ამას რეჟიმის მიერ დაქირავებული ე.წ. სპეცრაზმი აკეთებს. სინამდვილეში ისინი დაქირავებულ ბანდად არიან გადაქცეულები. ეს არის რეპრესიული აპარატი და ხელისუფლება ხალხში საპროტესტო მუხტის ჩასახშობად იყენებს. ეს არის როგორც “სამართლებრივი“, ასევე რეპრესიული ბერკეტი. ეს არის სუფთა რუსული რეპრესიული სტილი. უბრალოდ ჩვენთან ომის ცენზურის ნაწილი არ არის გადმოღებული. დანარჩენი სრულად არის დაკოპირებული რუსეთიდან პროტესტის კონტროლის კანონმდებლობიდან.

პრაქტიკულად ყველა ეს ინიციატივა და დრაკონული კანონი, აბსოლუტურად საქართველოში შეკრების თავისუფლებას კრძალავს. კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას საჯარო სივრცეში. ეს ყველა კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს ხელისუფლება, პირდაპირ რუსეთიდან არის გადმოტანილი. ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო დრაკონულია, ვიდრე რუსეთში. მაგალითად იქ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30 დღეა. როგორც ვხედავთ, მათ მიერ შემოტანილი ცვლილებებით კი საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაიზარდა.

– საქართველოს ხელისუფლება ადრე უფრო იკავებდა თავს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებებისგან და ჩვენ გვახსოვს “გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც თავდაპირველად უკანაც კი გაიწვია. ახლა კი აანონსებს, რომ “ფარას“ ზუსტ ანალოგს შექმნიან. რაში სჭირდება ახლა ეს ხელისუფლებას და რა არის მისი უფრო გათამამების მიზეზი? 

– აქამდე იმიტომ იკავებდა ხელისუფლება თავს, რომ ჯერ ერთი,  მათ სჭირდებოდათ დემოკრატიის ფასადი და შენიღბვა. “ოცნებას“ ჯერ კიდევ დასავლეთთან დემოკრატიის ფასადით კეკლუცობა აწყობდა. ასეთი მკაფიო არჩევანი, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუჩნდა, ასეთი არჩევანი მანამდე არ ჰქონდა. მას ღიად უნდა აერჩია უკვე სად მიდიოდა. როცა მ დაინახეს, რომ ეს ფასადი უკვე არაფერში აღარ სჭირდებათ, სახე სრულად გამოაჩინეს. ამ ფასადის მოშლას კი მოჰყვა ის, რომ მათი მიზნები აღარ ემთხვევა ამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მთავარ მიზანს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დასავლურ ოჯახში გაწევრიანებისთვის.

ადრე თუ რეჟიმი ქმნიდა ილუზიას, რომ ის თითქოს ამ ევროპული ღირებულებების დამცველი იყო და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებდა, ვითომ ევროპულ ინტეგრაციას ახორციელებდა, ახლა ამასაც აღარ აკეთებს. რაღაც მომენტში ეს ტყუილი მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის დამაჯერებელი იყო. ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც რეჟიმმა მოახერხა თვალთმაქცური პოლიტიკით, მოსახლეობის დიდ ნაწილს აჯერებდნენ, რომ ისინი ამ გაზს არ უხვევდნენ. ხოლო როცა დაინახეს, რომ ეს ტყუილი შერჩათ, ამის შემდეგ დაიწყო მათი სრული ლუსტრაცია. “ოცნებას“ თავი წარმოუდგენია ევრაზიის რაღაცა ავტოკრატიის ნაწილად. ხელისუფლება ვხედავთ, რომ ბოლო დროს პირდაპირ აღიარებს, რომ თავი წარმოუდგენია ჩინეთის, რუსეთის და ირანის ლიგაში. ისინი პოზიციონირებენ, როგორც მათი უმცროსი პარტნიორი და ძმა. ამის შემდეგ კი მათ ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიიღეს და ამიტომ ახლა ავტორიტარიზმის კონტროლის ყველა მექანიზმი სჭირდებათ.

– ამ კანონებით ის შეძლებს სამოქალაქო პროტესტის ჩახშობას? რა უნდა ქნას ახლა ოპოზიციამ, რა პოლიტიკური ბერკეტიღა დარჩა ხელთ, რომ “ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედება განაგრძოს? 

– ძალიან რთულია “ოცნებამ” ამ რეპრესიული კანონებით ბოლომდე ხალხის გაჩუმება შეძლოს. ჯერ კიდევ არსებობს მოსახლეობის დიდ ნაწილში რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი საპროტესტო კერები. მიუხედავად ხელისუფლების დიდი რესურსი და მხარდაჭერა, რთულია იმის პროგნოზირება, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტის საბოლოოდ გაქრობა შეძლოს.

– ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უმოკლეს ვადაში აუცილებელია დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს უნდა გაკეთდეს აქციების მონაწილეთა ჩართულობით. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან არანაირ დიალოგს არ აპირებს. პირიქით, მათ ნაწილს გასამართლებით ემუქრება და ახალი გამოძიება დაიწყო პროკურატურამ  და მათ „აგენტებს“ უწოდებს. რა არის ახლა „ოცნების“ ტაქტიკა და რას ეფუძნება მისი მოქმედების ლოგიკა? 

– როგორც ვახსენე უკვე, ხელისუფლების სრული ლუსტრაცია მოხდა და მას აღარ სჭირდება თამაში. სრულად გამჟღავნდა, რომ ეს ძალა ანტიდასავლურია, მათ აღარ სჭირდებათ არც დიალოგი და არც რაიმე მოლაპარაკება ოპოზიციასთან. მათ დაასრულეს ეს ფასადური დემოკრატიის თამაში, ამიტომაც არ იწუხებს თავს დიდად მოლაპარაკებაზე. უკვე „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმი შემდგარია, ამიტომ ის ცდილობს ყველა საფრთხე გაანეიტრალოს. სტაბილურად დამკვიდრდეს ეს ავტორიტარული რეჟიმი. რომელ დიალოგზეა საუბარი ამ რეჟიმთან, მათ დემოკრატობანას თამაში დაასრულეს.

– “ოცნებამ“ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა “წითელი ხაზია“ და ევროპულ საბჭოში მუშაობა თავად შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ევროკავშირი გარკვეულ წილად დაბნეული ჩანს. რას ელით თავად ევროპისგან და უფრო მძიმე სანქციები რამდენად იქნება გამოსავალი?

– რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან  ვერ ვხედავ. თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი, რომ ეს ხელისუფლება ახალ არჩევნებს დანიშნავს. რაც შეეხება გარედან კიდევ დამატებით სანქციებს, დიდი ალბათობით მოსალოდნელია. შესაძლოა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მგონია, რომ იქნება. ამაზე რეჟიმი კიდევ უფრო მეტი რეპრესიით უპასუხებს, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი ხასიათის იყოს, რომ მას რეპრესიული აპარატის დაფინანსება გაურთულოს. ამან კი რეჟიმის რყევა გამოიწვიოს. ამ ზეწოლის კომბინაციით სისტემის ჩამოშლა მოხდეს.

– აუცილებლად ტრამპს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს მინდა შევეხოთ. ვნახეთ მისი USAID-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება და „ოცნების“ ხელისუფლების მესიჯბოქსი ამ ფაქტის ირგვლივ, ისინი ტრამპის ამ გადაწყვეტილებებს შიდა პოლიტიკისთვის იყენებენ. ასევე ჩანს, რომ ევროპას და აშშ-ს ბევრი საკითხი ექნებათ სადავო, მათ შორის უკრაინის ომი. როდის და რა ფორმით ელით ტრამპის კავკასიისკენ ყურადღების გადმოტანას. აქვს თუ არა “ოცნებას” იმედი, რომ ის საერთოდ საქართველოს შეეშვება? 

– რაც შეეხება ტრამპს, ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ ამერიკის პოლიტიკა მათ მიმართ დატკბება, დათბება და ისინი შეძლებენ ტრამპთან პარტნიორობა ჰქონდეთ. მათ ამის სურვილი არც აქვთ. ის რაც ქართველ ხალხს უნდა, რომ დასავლეთთან ქვეყანას მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს, ტრამპს ეს არ უნდა. მათ ტრამპისგან უბრალოდ მოლოდინი აქვთ, რომ ევრაზიაში რუსეთის გავლენებს აღიარებს – მათ შორის საქართველოში გავლენებსაც. “ოცნებას” აქვს იმედი, რომ უკრაინის ომი დასრულდება ისე, რომ რუსეთი წაგებულ მდგომარეობაში არ იქნება და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთს გამოუთავისუფლდება მეტი რესურსი, რათა საქართველოში მარიონეტულ ხელისუფლებას მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

მეორე, რომ ამ პერიოდისთვის, როცა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგება, მათ ეჩქარებათ, რომ საქართველოში ეს სტატუს-კვო დაამკვიდრონ, წინააღმდეგობა ქვეყანაში ჩაახშონ, ამერიკა დადგეს ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში  უკვე  სტაბილური ავტორიტარული რეჟიმია დამყარებული. ამიტომ აქ არავითარ ჩარევას დემოკრატიის მხარდასაჭერად აზრი აღარ აქვს. არავინ აღარ დარჩა, ვისაც დემოკრატია უნდა. ახლა ჯერჯერობით სანამ ეს წინააღმდეგობა არსებობს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სამყარო ფიქრობს, რომ ამ ხალხს უნდა დაეხმაროს. ხოლო თუ ხელისუფლებამ ეს მოძრაობა გაანადგურა, მაშინ არავინ აღარ დარჩება დასახმარებელი. ეს უნდა ივანიშვილს, რომ შექმნას ფაქტობრივი მოცემულობა, რათა იძულებული იყოს ყველა, რომ საქართველოში დემოკრატია დამარცხდა და ევრაზიის ავტოკრატების ლიგაში გადაინაცვლა. ეს არის საბოლოო ჯამში რეჟიმის მიზანი, რის რეალიზაციისკენაც მიისწრაფვის.

ელზა პაპოშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები