Logo

"28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუსთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ"

საზოგადოება
235
Frontnews image description

28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუსთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო განცხადებაშია აღნიშნული. 

მათი განცხადებით, წინააღმდეგობა გაგრძელდება, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

"ევროპულ მომავალზე უარის თქმით სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, ხარისხიანი განათლებისა და კიდევ სხვა სიკეთეებისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.

დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი -  შეეჩერებინა წინააღმდეგობა. სანამ ჩვენ ვიბრძვით და ვმოქმედებთ, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.

მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში - უნდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს.

28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუსთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

პროტესტი
Advertisement