ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის ფარგლებში, „Front News საქართველო“ გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებული 15-30 წლის ახალგაზრდებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ენერგოეფექტურობა“. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, ნახატი ან პოსტერი/გრაფიკული დიზაინი.
კონკურსის მიზანია ისეთი ნამუშევრის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს და ამავე, დროს მისცემს მას მოტივაციას დანერგოს ენერგოეფექტური ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სექტორს სათბურის აირების გაფრქვევაში ყველაზე დიდი წილი აქვს. სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა (შერბილება) და მიტიგაციის (თავიდან აცილება) პროცესში. შესაბამისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით, შესაძლებელია, მინიმუმამდე შემცირდეს წიაღისეული საწვავის გამოყენება, ენერგორესურსების არაეფექტური მოხმარება და სათბურის აირების ემისია.
აღნიშნული კონკურსი ერთის მხრივ გააღვივებს ახალგაზრდების ინტერესს, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, ხოლო მეორეს მხრივ წარმოაჩენს ახალგაზრდების თვალით დანახულ ენერგოეფექტურ საკითხებს.
საქართველოში მცხოვრებმა 15-30 წლის ახალგაზრდებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ მამოტივირებელი, საკითხის გადაუდებელი მნიშვნელობის წარმომჩენი, ბიძგის მიმცემი, ინსპირაციული ფოტო, ნახატი ან პოსტერი/გრაფიკული დიზაინი შემდეგი თემების გარშემო:
· ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა;
· ყოველდღიური ჩვევები ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვისთვის;
· ახალგაზრდების როლი ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვაში;
· ენერგოეფექტურობის პრაქტიკები საქართველოში;
· ენერგოეფექტურობა ჩემს თემში;
· ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
· ენერგოეფექტურობა შენობებში;
· განახლებადი და სუფთა ენერგია;
· ენერგოეფექტური ტრანსპორტი;
· სხვა ნებისმიერი თემა, რაც ენერგოეფექტურობასთან და განახლებად ენერგიებთან იქნება დაკავშირებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 15-30 წლის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან. მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში შეეძლებათ:
1. ფოტო
2. ნახატი
3. პოსტერი/გრაფიკული დიზაინი
ერთ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ნამუშევრის წარმოდგენა ნებისმიერ კატეგორიაში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი ნამუშევრები შემდეგ ელფოსტაზე: project@frontnews.eu წერილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ „კონკურსი – ჩემი თვალით დანახული ენერგოეფექტურობა“
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 9 მაისი, 2025 წელი.
შერჩევის პროცესი: დამოუკიდებელი ჟიურის წევრები წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებენ კრეატიულობის, საკითხის საინტერესოდ გადმოცემის, თემის რელევანტურობის და შექმნილი ნამუშევრის შესაძლო გავლენის მიხედვით.
გამარჯვებულების გამოვლენა: გამარჯვებული ფოტოს, ნახატის ან გრაფიკული პოსტერის ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები და ენერგოეფექტურობის ელჩის სტატუსი. გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება Front News-ზე.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/
პროექტის შესახებ:
ეს კონკურსი შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია შპს „Frontnews Georgia” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: project@frontnews.eu
თაგები:
ენერგოეფექტურობა