29 აპრილს პარლამენტი ინტერპელაციის წესით მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს

ავტორი
Front News საქართველო
29 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრი პარლამენტის წინაშე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოთხოვნის საფუძველზე წარდგება.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს.
სხდომაზე, ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთან, კანონის პროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
პარლამენტის ბიუროს წევრებმა ასევე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.





