4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს, ერთზე ძებნა გამოცხადდა


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს B.P. TRANS -ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი.
სუსის განცხადებით, შპს B.P. TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით.
საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში – გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის“, – განაცხადეს სუსში.
თაგები:
სუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს