9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება


ავტორი
Front News საქართველო
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის პირველ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით.
1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო დაა მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 – ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის პირველ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში – ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში – ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზედაც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა. აქედან ომში დაიღუპა 300 000 ქართველი. უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, ბევრმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ომის შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა უამრავი ქართველი.
ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ – 27 მლნ., გერმანია – 5,25 მლნ., პოლონეთი – 4,5-6 მლნ., იუგოსლავია – 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ – 318.000, დიდი ბრიტანეთი – 386.000, საფრანგეთი – 810.000, იტალია – 330.000, რუმინეთი – 378.000, უნგრეთი – 420 000, ფინეთი – 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
თაგები:
