“აბსურდია საერთოდ გვედავებოდეს ვინმე ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს”

ავტორი
Front News საქართველო
ხეობის ერთ-ერთი მცველის მარიტა მუსელიანის განცხადებით, პარადოქსია, მათ აბრალებდნენ იმ ნივთის დაზიანებას, რომლის არსებობაც ხეობაში უკვე კანონდარღვევაა. მუსელიანი არ გამორიცხავს იმასაც, რომ კედელი შსს-ს წარმომადგენლებმა თავად დააზიანეს.
"ჯებირი, რომელიც საერთოდ არ შეიძლება იდგას, იმის კიდის გადაკეცვაზე შეედაონ ვინმეს, ცოტა აბსურდულად მეჩვენება. კიდევ ერთი ეჭვი მაქვს, საკითხავია, მართლა გადმოკეცეს აქციის მონაწილეებმა ეს გვერდები, თუ არა. იმიტომ რომ ჩვენ აქ ვესწრებოდით ამ პროცესს და ხელების ბრახუნით იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, აბსურდია საერთოდ, გვედავებოდეს ვინმე ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში", – აცხადებს მუსელიანი.
თბილისიდან ხეობაში დაბრუნებულ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს რკინის ჯებირები კვლავ აღმართული დახვდათ. მთელი ღამის განმავლობაში სოფლის შესასვლელთან განლაგებულ რკინის ბარიკადებს ისინი ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს სწორედ ამ ფორმით გამოხატავდნენ.
დილით კი შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოიძიება დაიწყო. პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.
თაგები:





