აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აჭარის მთავრობის სტიპენდიატები გახდნენ.
ღონისძიება განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები და დამსახურებული აღიარება მიულოცა. სტუდენტებს წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ახალგაზრდების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება აქტიურად გაგრძელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თემატური შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება, რათა მოხდეს ერთობლივი მსჯელობა ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის ხედვებსა და არსებულ გამოწვევებზე.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს სტუდენტებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან საუბარი განათლებაზე, მომავალსა და იმ საშუალებებზე, რომლებიც მათთვის იქმნება. განათლების სისტემაში სხვადასხვა საფეხურზე დაანონსებული რეფორმები სწორედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
დღეს სამინისტროს პროგრამები განვიხილეთ, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია აჭარის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა, რაც, ვფიქრობ, დამატებითი სტიმული იქნება სტუდენტებისთვის. აქტიურად გაგრძელდება გაცვლითი და საგრანტო პროგრამებიც, რაც ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სკოლებში მე-12 კლასელები დაასრულებენ სწავლას და მათი დიდი ნაწილი გახდება აბიტურიენტი. ვფიქრობ დღევანდელი ღონისძიება მათთვის გახდება გზავნილი თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა და მონდომება რეალური შედეგების მისაღწევად“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2025 წლიდან წარჩინებულ ახალგაზრდებს სემესტრულად 1 000 ლარიანი სტიპენდია გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს სტიპენდიატთა რაოდენობა გაორმაგდება და ჯამში 300 სტუდენტი დაფინანსდება.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




