აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წლის განმავლობაში 15 პრევენციულ პროგრამას განახორციელებს

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ჩართულნი არიან ცენტრის 2026 წლის პროგრამების განხორციელებაში.
წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 15 პრევენციულ პროგრამას განახორციელებს და 25 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. პროგრამების ფარგლებში ყველა მომსახურება უფასოა და გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე განხილული იყო პროგრამების განხორციელების წესი, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მექანიზმები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების როლი პროგრამების ეფექტიან შესრულებაში. ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხზე, ხელმისაწვდომობაზე და ბენეფიციართა დროულ ჩართულობაზე.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით, პროგრამების მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების პრევენცია და ადრეული გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს მუშაობას, რათა პროგრამები მაქსიმალურად ეფექტიანად და უწყვეტად განხორციელდეს.
თაგები:
აჭარა




