Logo

ადვოკატები – ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა

პოლიტიკა
09.10.2021 / 12:31
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები ავრცელებენ.

 

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატების ერთი ნაწილის სახელით ბრიფინგი გიორგი ფანცულაიამ  გამართა და აღნიშნა, მიუღებელია მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა. 
მისივე განმარტებით,  განცხადების ავტორი ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არ არიან.

 

“მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა. კერძოდ, პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა. აღნიშნულის მკაფიო დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუში გაჟღერებული თეზისები, რაც პირდაპირ წარმოადგენს პოლიტიკური მოტივებით ადამიანის დევნის მტკიცებულებას. უფრო ზუსტად მან განაცხადა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

 

ასევე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით“, – განაცხადა ფანცულაიამ.

 

ამასთან, ფანცულაიას განცხადებით,  შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რომ მისი საქმის მიმართ არსებული პოლიტიკური ინტერესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის სამართლებრივ მდგენელზე.

 

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა“, – განაცხადა ფანცულაიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები