ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, ეს ადამიანი შემთხვევის ადგილზე თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მივიდა

ავტორი
Front News საქართველო
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით, სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო, - ამის შესახებ გორში ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცველის ალექსი ბადალოვის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია დაინიშნოს ექსპერტიზა.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყველა ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად. სასამართლომ გარკვეული განმარტება გააკეთა სხდომათა დარბაზში, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია. მისი გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შევცვლით, შესაძლოა მხოლოდ გავასაჩივროთ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით, სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის ის, რომ აწვდის ხელბორკილებს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს. ე.ი. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილზე თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მივიდა.
აუცილებელია დაინიშნოს ვიდეოექსპერტიზა, სადაც უნდა დაისვას კითხვა, კონკრეტულად რომელი პირი, რომელ წუთსა და წამზე რა მოქმედებას ახორციელებს და ა.შ.“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ასევე, გორის მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თაგები:
ნოდარ ცინცაძე




