Logo

ადვოკატი - ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას

სამართალი
220
Frontnews image description

დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეუძლია თუ არა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, - ამის შესახებ დაკავებული საბა ჯიქიას ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეს გადაწყვეტილება მანამდე ჰქონდა დაწერილი.

"დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეუძლია თუ არა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ჩვენ ვნახეთ, რომ გავიდა ის სათათბიროდ და მე განზრახ ვამოწმებდი იმას, რასაც კითხულობდა და სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილის წაკითხული ტექსტის განმარტებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი თამარი საბოლოო სიტყვამდე დაწერილი ტექსტით მოვიდა. მოსამართლეები წინასწარი განწყობით შემოდიან პროცესზე.

ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა საერთოდ არ სჭირდება და განმარტა, რომ თუ მთავარ გამომძიებელს დავკითხავთ საქმეზე, დანარჩენი მოწმეების დაკითხვა არაა საჭირო, რაც კანონდარღვევაა და მეორე კურსელი სტუდენტიც მიხვდება, რომ ქალბატონმა თამარმა დღეს გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსი დარბაზში.

ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, არსებობდეს ყველა კითხვაზე პასუხი, რაზეც თავად თამარ მჭედლიშვილმა პასუხი ვერ გასცა", - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

აქციების დროს დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement