“აღმოჩნდა, რომ ჩამოიყვანეს ეს ხალხი, ალბათ, გადაუხადეს და ახლა პროვოკაციებს უნდა ველოდოთ”

ავტორი
Front News საქართველო
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ "ექსპო ჯორჯიას" პავილიონთან, სადაც ყრილობა ტარდება, სამართალდაცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე ვეტერან და მოქმედ მორაგბეებს, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს უცხადებენ მხარდაჭერას, გაურკვეველი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც ისიც არ იციან, რატომ იმყოფებიან ადგილზე. მორაგბეები აცხადებენ, რომ აქტივისტები "ქართულმა ოცნებამ" მოყვანა.
მათი თქმით, იოსებ ტყემალაძე, რომელიც დღეს ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, სახელისუფლო კანდიდატია, რომელსაც არჩევის შემთხვევაში უნდობლობას გამოუცხადებენ და რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ აღიარებენ.
"ვიცოდით, რომ რაღაც ამგვარი იქნებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდებოდით. გადახედეთ რა ხდება. ამდენი პოლიციელი რომ ყოფილიყო ჩვენი რომელიღაც ტერიტორიის დასაბრუნებლად, ალბათ დავიბრუნებდით. აქ კიდევ არიან ისეთი ხალხი, რომლებმაც საერთოდ არ იციან რატომ არიან. ვეკითხებოდით წეღან, ბიჭებო აქ რატომ ხართ, ვინმეს მხარს უჭერთ, საიდან ხართქო? აღმოჩნდა, რომ ჩამოიყვანეს ეს ხალხი, ალბათ, გადაუხადეს და ახლა პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ფრთხილად ვართ, ჩვენ მშვიდობიანად მოვედით აქ, ჩვენ აგრესიის ინიციატორები არ ვართ. მე 15 წელი წასული ვიყავი და ნამდვილად არ მეგონა საქართველოში ზოგადად, ასეთი მდგომარეობა თუ იყო. მართლა ჩრდილოეთ კორეის დონეზე ვართ დასული", – განაცხადა ბორჯღალოსანმა სიმონ მაისურაძემ.
დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ტარდება. ერთადერთ კანდიდატს იოსებ ტყემალაძეს პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდება. მორაგბეთა უმრავლესობა არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხოლო იოსებ ტყემალაძეს – სახელისუფლო კანდიდატად. მორაგბეებმა ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად 400 ხელმოწერა მოაგროვეს, თუმცა მათი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოა.
"ექსპო ჯორჯიას" ეზოში არეულობის მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


