აკაკი ბობოხიძე – მე ვერ გამახსენებს ვერავინ მხოლოდ მიტინგით მიღწეულ შედეგს, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
მე ვერ გამახსენებს ვერავინ მხოლოდ მიტინგით მიღწეულ შედეგს, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად დაწყებული აქციები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდება.
“ჩვენ 7 თვის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეუბნებოდით, რომ მხოლოდ მიტინგებით მიშა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში შედეგს ვერ დადებდა. პოლიტიკური პროცესი იყო დასაწყები, რომლის შემადგენელი ნაწილი არის მიტინგიც. მაშინ პასუხად გვეუბნებოდნენ, „მიშა კვდება, მიშას ამდენი დრომ არ აქვს, ეგ გრძელვადიანი პროცესია“…
7 თვე გავიდა, ანუ „გადაუდებელი სამუშაოები გადაიდო“, ახლა იგივე მდგომარეობაში ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გვთავაზობს მიტინგებს, მე ვერ გამახსენებს ვერავინ მხოლოდ მიტინგით მიღწეულ შედეგს, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში აქციის შედეგად არ გადაუყვანიათ. პირიქით, აქცია დაშალეს და მესამე პრეზიდენტი დემონსტრაციულად გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანეს, საიდანაც გორში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.
“დიდი მიტინგი რომ მოეწყო, მიხეილ სააკაშვილი გორში კი არ გადაიყვანეს, დემონსტრაციულად გადაიყვანეს გლდანში“, – აღნიშნა ბობოხიძემ.
თაგები:
აკაკი ბობოხიძე




