Logo

აკაკი მინაშვილი – რაც უფრო ხისტია ხელისუფლების პოზიცია, კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება საპროტესტო ტალღაში

პოლიტიკა
18.11.2021 / 12:15
Frontnews image description

რაც უფრო ხისტია ხელისუფლების პოზიცია, კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება საპროტესტო ტალღაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სხვა დეპუტატებთან ერთად პარლამენტის შენობაში უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობს. 

 

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთი და “ქართული ოცნება” არის ერთ მხარეს და სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გლდანის ციხეში. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუკერძოებელმა, პროფესიონალმა ექიმებმა, რომელთაც მაღალი ავტორიტეტი აქვთ მთელ საზოგადოებაში,  დადეს შესაბამისი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის დაწესებულება არ შეიცავს იმ სერვისებს, რომელიც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის. ვერავინ დააბრალებს მათ, რომ ისინი პოლიტიკური სიმპათიით არიან აქ. ეს კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი, თუ ხელისუფლება ამას არ შეასრულებს, თქვენ ხედავთ, რაც უფრო ხისტია ხელისუფლების პოზიცია, კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება საპროტესტო ტალღაში. კიდევ უფრო მეტი საზოგადოების წარმომადგენელი ძალიან მკაფიოდ, ღიად, საჯაროდ გამოთქვამს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ეს პროცესი არ გაჩერდება, მოშიმშილეების რაოდენობაც გაიზრდება. 

 

ხელისუფლებას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა. თუ ვინმეს საღი აზრი აქვს, მაგალითად, კობახიძეს არ მოეკითება აზრი, ისეთ მდგომარეობაშია, რაც უფრო მალე გადადგამენ ამ ნაბიჯს მათთვის არის ეს უკეთესი.  

 

ერთი რამე კიდევ ერთხელ დადასტურდა, ეს ხელისუფლება იმართება ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან. მთელი სამყარო, დასავლური სამყარო საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები ყველა ერთხმად ამბობს – მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ეს ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მხოლოდ ქართული ოცნება და რუსეთი არის ერთ მხარეს და მათ სურთ, რომ ის იყოს გლდანის ციხეში. ძალიან მძიმე  პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამს”, -განაცხადა მინაშვილმა.

Advertisement