Logo

ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალი
284
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, თემქის დასახლებაში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი, 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

"გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან, 2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში ოქტომბრის დასაწყისში თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა.

25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2008 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გიგა ავალიანის დედის თქმით, მისი შვილის სასტიკ ცემაში არა ერთი, არამედ არასრუწლოვნების ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული მათემატიკის მასწავლებელზე აეჭვიანა. ოჯახი ყველა პირის დასჯას კატეგორიულად მოითხოვს.

Advertisement